ბელგიაში "გენკმა" გასვლაზე 0:0 ითამაშა ქვეყნის საუკეთესო კლუბ "ანდერლეხტთან" და მერვე ადგილზეა. განაცხადში არ ყოფილა თორნიკე ოქრიაშვილი, რისი მიზეზიც ტრავმაა – ასე წერს "გენკის" ოფიციალური საიტი. თუმცა ოქრიაშვილის ტრავმა უმნიშვნელოა და გლაზგოში, შოტლანდია-საქართველოს მატჩში (11 ოქტომბერს) თამაში წესით უნდა შესძლოს.
რაც შეეხება "გენკის" მეორე ქართველ ლუკა ზარანდიას, ის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ახლავს მოსამზადებლად.
დანიის პირველ ლიგაში "ორჰუსმა" "სკივეს" ვერ მოუგო (0:0) და მეოთხე პოზიციაზეა. მათე ვაწაძემ მე-80 წუთამდე ითამაშა, დავით სხირტლაძე სკამზე გახლდათ, ხოლო დავით დევდარიანს კვლავ ტრავმა აწუხებს.
პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში კვლავ ვერ მოიგო ავთო ებრალიძის ჟილ ვისენტემ – შინ ეშტორილთან 1:1. ავთო სასტარტოში იყო და 63 წუთი ითამაშა. ჟილ ვისენტეს შვიდ ტურში ორი ფრე აქვს, დანარჩენი კი – მარცხი. ასევე პორტუგალიაში, ოღონდ მეორე ლიგაში ბოლო საფეხურს ტკეპნის გიორგი მაკარიძის “ფეირენსეც”. მაკარიძემ შეუცვლელად ითამაშა “ბენფიკას” სარეზერვო გუნდთან. შეხვედრა 2:2 დასრულდა.
ფინეთში ტურკუს “ინტერმა” 4:1 სძლია “როვანიემს” და 12 გუნდს შორის, მერვე პოზიციაზეა. “ინტერის” ქართველ ფორვარდ ირაკლი სირბილაძეს არ გაუტანია.
თურქეთის პირველ ლიგაში ზედიზედ მესამედ წააგო გიორგი რეხვიაშვილის “ბოლუსფორმა”, კერძოდ, “ბუჩასფორთან” გასვლაზე 2:3. რეხვიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. ბოლუსფორი მე-13 საფეხურზეა.
"დნიპრომ" გასვლაზე 1:0 სძლია "ილიჩივეცს" და კვლავაც ლიდერია. ჯაბა კანკავა სათადარიგო გახლდათ.
კვიპროსზე "ანორთოსისმა" სტუმრად 1:4 წააგო აელ-თან და მეცხრე ადგილამდე დაქვეითდა. ირაკლი მაისურაძემ და გიორგი აბურჯანიამ სრულად ითამაშეს.
და იტალიაზეც, რომელსაც სერია ა-ს მიმოხილვაში ისედაც გაეცნობით. ლევან მჭედლიძემ ბოლო 12 წუთი ითამაშა "ემპოლისა" და "პალერმოს" შეხვედრაში, რომელიც 3:0 დასრულდა. ეს "ემპოლის" პირველი გამარჯვება იყო სეზონში. მჭედლიძეს ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მცირე სათამაშო დრო დაეთმო. რაც შეეხება ირაკლი შეყილაძეს, ის განაცხადში ვერ მოხვდა.