ბლოგი

21:48 | 16.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლათინოამერიკული შტრიხები

“ცხოვრება ძალზედ ხანმოკლეა იმისთვის, რომ ადამიანმა ცუდი ღვინო დალიოს”. პანდემიის დაწყებიდან საფეხბურთო ტურნირების დასრულების ზაფხულში დამთავრების შემდეგ , რატომღაც ეს სიტყვები გამახსენდა. გამახსენდა ალბათ იმიტომ, რომ ფეხბურთის მოყვარულ ხალხს ცხოვრება ბევრად უფრო ხანმოკლედ მოეჩვენებოდა, ჩემპიონიატიდან მომდევნო ჩემპიონატამდე არსებულ რამდენიმე დღეს ისევ და ისევ მომავალი ჩემპიონატის ხილვის სურვილი და ამ სურვილის თანმხლები, სიამოვნებისაგან ხელების ფშვნეტა რომ არ ავსებდეს.

ამ პერიოდის განმავლობაში ეროვნული თუ საერთაშოირისო საკლუბო პირველობებში არაერთი საინტერესო მატჩი გაიმართა, მაგრამ ყველას პირზე მაინც ამ თვეში გასამართი ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპი აკერია და “ბარსელონას” მიერ “ნაპოლის” ძლევა რა ბედენაა, იმასთან შედარებით, რასაც გულშემატკივრები აგვისტოში ელიან.

რომ ვაკვირდები, ჩემპიონთა ლიგაზე შემორჩენილ თითქმის ყველა კლუბს დაურბის ერთი-ორი ლათინოამერიკელი ჯეელი, რომელთა სიჩაუქეზეც დიდწილადაა დამოკიდებული ამ გუნდთა წარმატება და საქმე იქითკენ მიდის, რომ ევროპაში შეიძლება კვლავ დაბრუნდეს დრო, როდესაც ყველა კლუბში წამყვან როლს ლათინოამერიკელები თამაშობდნენ და ამის დასრტურად 90-იანი წლების იტალიის ან ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატიც კმარა.

მაშინ, როდესაც სამხედრო გემებიდან ამერიკის კონტინენტზე გადასული ესპანელი და პორტუგალიელი კოლონიზატორები და ინგლისის სამეფო ფლოტის ადმირალები დღევანდელი შეერთებული შტატების, ჰონდურასის, ბრაზილიისა და ჩილეს ტერიტორიებზე ახალი სასიცოცხლო მიწების მოპოვების მიზნით დააბოტებდნენ, ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ ერთ დღესაც, მათ მიერ დაარსებული კოლონიები ქვეყნებად იქცეოდა და მერე, მაისურებითა და შორტებით შემოსილი მათი შთამომავლები, ევროპის კონტინენტზე, გადაჭედილი ტრიბუნების წინ ბურთს გააგორებდნენ და გამარჯვებისათვის თავსაც კი დასდებდნენ.

ევროპის კლუბებში მობურთალ ლათინოსების შემხედვარე ვიცი, ძალიან შორს წამიყვანს იმაზე საუბარი, თუ რას გრძნობდნენ და დღესაც რას განიცდიან ლათინოამერიკელი თუ ჩრდილოამერიკელი პოეტები, მწერლები, მხატვრები თუ მუსიკოსები მათი პირველადი სამშობლოს მიმართ. როგორ გაურბიან ეს ადამიანები ძველ, კოლონიურ გავლენებს, მაგრამ მაინც როგორ ვერ აღწევენ თავს. ბოლოს კი ბევრი მიდის აღიარებემდე, რომ ფესვების ასე ხელაღებით გადაჭრა, მთლიანობაში მაინც შეუძლებელია.

იმედია სულ მალე გაირბენს პანდემიის ჟამი და ცოტა ხნით მაინც შეგვეძლება დავივიწყოთ მოძალებული პრობლემები და ყველანი საფეხბურთო ცხოვრებით ვიცხოვრებთ. ევროპული ქალაქების მსგავსად, თბილისშიც იქნება სხვადასხვაფერი დროშების ფრიალი და გადი-გამოდი. ცოტა ხნით მაინც ვიგულებთ თავს მსოფლიოს სისხლხორცეულ ნაწილად და ყველა ერთად ვნახავთ, ესპანურ, ინგლისურ და პორტუგალიურ საფეხბურთო ჯახებს. ესაა ყველას დიდი მოლოდინი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122055