ფეხბურთი

10:30 | 14.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

გააჩერებს მესი გერმანულ მანქანას?!

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე დღეს მესამე მეოთხედფინალი გაიმართება და შესაბამისად, მესამე ნახევარფინალისტი გაირკვევა. მატჩი კი ამ ეტაპისთვის ნამდვილად ცენტრალური და ყველაზე საინტერესოა.

ტურნირის მთავარ ფავორიტად შერაცხული და უბრალოდ გასაოცარ ფორმაში მყოფი „ბაიერნი“ და მის წინააღმდეგ „ბარსელონა“. კატალონელებს არ ჰქონდათ ფეერიული სეზონი, ბევრი კრიტიკაც შეხვდათ, მაგრამ მისი ჩამოწერა შეუძლებელია, დაუშვებელია. ლიონელ მესიც კარგ ფორმაშია, ეს წინა მატჩშიც გამოჩნდა. მოკლედ, ინტრიგა ძალიან დიდია. არგენტინელმა გერმანული მანქანა უნდა გააჩეროს და ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ როცა საქმე მესის ეხება, არაფერია გამორიცხული. სხვა მხრივ, წყვილში „ბაიერნის“ შანსი უფრო ფასობს, რომელმაც სეზონში დუბლი უკვე შეასრულა და ტრებლს ეშურება. „ბარსას“ კი ისღა დარჩენია, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბოლომდე იბრძოლოს, ცხადია თუ უტიტულოდ დარჩენა არ სურს.

მერვედფინალში „ბარსელონამ“ „ნაპოლის“ აჯობა 3:1 (ორი მატჩის ჯამში 4:2), ხოლო „ბაიერნმა“ ლონდონის „ჩელსის“ უბრალოდ გადაურბინა. ჯერ კორონავირუსის პანდემიამდე მოუგო 3:0 და მერე პანდემიის შემდეგ - 4:1. ორივე გუნდს გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს, ერთ მხარეს ლეო მესი, მეორე მხარეს რობერტ ლევანდოვსკი. ჰანსი ფლიკმა მათი შედარებისგან თავი შეიკავა, თქვა, რომ ეს დაუშვებელია, რადგან მესი საუკეთესოა, ლევანდოვსკი კი გამორჩეული თავდამსხმელი. იგივე კითხვით კიკე სეტიენსაც მიმართეს და მასაც დაახლოებით იგივე პასუხი ჰქონდა, რობერტი შესანიშნავია, მაგრამ მესი სხვა დონე გახლავთო.

ორივე გუნდი დღევანდელ მატჩს პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ესპანელებს მხოლოდ სამუელ უმტიტი, ხოლო გერმანელებს ბენჟამენ პავარი დააკლდებათ.

ეს გუნდები დღეს ერთმანეთს მე-11-ედ შეხვდებიან. წინა 10 დუელიდან გერმანელთა უპირატესობა აშკარაა - 6 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება. ამ ორი მარცხიდან ერთ-ერთი „რეკორდმაისტერისთვის“ ძალიან მტკივნეულია, 2014-2015 წლების სეზონში ნახევარფინალში „კამპ ნოუზე“ 0:3 და მესი-ბოატენგის ის უკვდავი მომენტიც ყველას ახსოვს. მაშინ მიუნხენში გერმანელებმა კი იმარჯვეს, მაგრამ მხოლოდ 3:2 და ორი მატჩის ჯამში დამარცხდნენ. პრინციპიში "მიუნხენურ გიგანტს" ის მეორე წაგებაც (ქრონოლიგურად პირველი) მწარედ უნდა ახსოვდეს, 2008-2009 წლების სეზონში 0:4 "კამპ ნოუზე". სამაგიეროდ, „ბარსასთვის“ კოშმარია 2012-2013 წლების სეზონს ნახევარფინალური თავგადასავალი, როდესაც ორი მატჩის ჯამში 0:7(!) (0:4, 0:3) წააგო.

კიკე სეტიენი („ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი): „ბაიერნს“ ბევრი რამ აქვს, რაც გვაფიქრებს, ძალიან სრულყოფილი გუნდია. შეუძლიათ ზეწოლა, თავდასხმის უამრავი ვარიანტი აქვთ და თავსაც კარგად იცავენ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალა, რომ ამ ზეწოლას გავუმკლავდეთ და შეგვიძლია პრობლემები შევუქმნათ. არ მიმაჩნია, რომ რომელიმე გუნდი მოედანზე დომინანტი იქნება. ვინც უკეთ გამოიყენებს შანსებს, შემდეგ ეტაპზეც ის გავა“.

ჰანს-დიტერ ფლიკი („ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი): „არ შეიძლება ლევანდოვსკის და მესის შედარება. ლევანდოვსკი მსოფლიო დონის თავდამსხმელია, გოლებს გარანტირებულად იტანს, მესი კი ბოლო წლების საუკეთესო ფეხბურთელია, საოცარი მოთამაშე. არ ვიცი, მომავალში იქნება თუ არა მისი მსგავსი მოთამაშე. ვიფიქრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავაჩეროთ მესი, მაგრამ აქ არ გეტყვით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდურად ვითამაშოთ და მასზე ზეწოლა განვახორციელოთ“.

სავარაუდო შემადგენლობები

ლისაბონი, „და ლუჟი“, 14 აგვისტო, 23:00 საათი

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა; დე იონგი, ბუსკეტსი, ვიდალი; მესი, სუარესი, სერხო რობერტო

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი, ალაბა, დევისი; ტიაგო ალკანტარა, გორეცკა; კომანი, მიულერი, გნაბრი; ლევანდოვსკი

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

0.143154