მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობაზე იასპარეზებს. დიდი სლემის 17 ტიტულის მფლობელი ჩოგბურთელის გამოსვლა კარგი ახალი ამბავია ტურნირის ორგანიზატორებისთვის, რადგან მათ უკვე რამდენიმე მაღალი კლასის ჩოგბურთელისგან, მათ შორის რაფაელ ნადალისგან, უარი მიიღეს.
ჯოკოვიჩიც ადრე ამბობდა, რომ ნიუ იორკში ჩასასვლელად, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, რთული პროტოკოლური პროცედურების გავლა უწევდა, რის გამოც, შესაძლოა აშშ-ის ღია გამოეტოვებინა.
„სიხარულით ვადასტურებ, რომ ფლეშინგ მედოუსზე, ვესტერნ ენდ საუთერნის ღიასა და აშშ-ის ღია პირველობაზეც გამოვალ. გარემოებათა გამო, ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება. მაგრამ აქ გამოსვლის პერსპექტივა ყოველთვის მეხალისება“, - განაცხადა 33 წლის ჯოკოვიჩმა.
მას და კიდევ სამ ჩოგბურთელს სერბეთში, ადრიას ტურის შეჯიბრზე, რომელიც ივნისში გაიმართა, კორონავირუსი შეეყარა. ტურნირის პირველი ეტაპი სერბეთში, ბელგრადში ჩატარდა, მეორეს კი ხორვატიის ზადარმა უმასპინძლა. სწორედ ზადარის ეტაპის წინ, ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს ინფექცია დაუდასტურდა, რის გამოც ტურნირი გაუქმდა. მალე ტესტზე დადებითი პასუხები ჯოკოვიჩმა, მისმა თანამემამულე ვიკტორ ტროიცკიმ და ხორვატმა ბორნა ჩორიჩმაც მიიღეს. ამის გამო, ტურის დარჩენილი ორი ეტაპიც - ბოსნიასა და მონტენეგროში, გაუქმდა.
აშშ-ის ღია კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, დიდი სლემის პირველი ტურნირი იქნება. ის 31 აგვისტოს დაიწყება. უიმბლდონი წელს არ ჩატარდება, 27 სექტემბერს კი სტარტს საფრანგეთის ღია პირველობა აიღებს.