ავსტრალიის ღია პირველობის დირექტორ კრეიგ ტილის თქმით, რომ ორგანიზატორები დარწმუნებულები არიანრომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ტურნირის იანვარში ჩატარებას შეძლებენ. უფრო მეტიც, როიტერსთან საუბრისას ისიც თქვა, რომ ტურნირს სრული საპრიზო ფონდი ექნება და მაყურებელიც დაესწრება.
კორონვირუსის პანდემიის გამო, მელბურნი ამჟამად სრულად არის იზოლირებული. მაგრამ ტილი და მისი გუნდი მომავალი წლის ტურნირის ორგანიზებაზე იმ დღიდან მუშაობენ, როგორც კი წლევანდელი დასრულდა. და სხვადასხვა სიტუაციისთვის, განსხვავებულ სტრატეგიებს ამუშავებენ.
ტილი ამბობს, რომ ბილეთების გაყიდვა ოქტომბერში დაიწყება. ორგანიზატორები ტურნირის დაწყებამდე ექვსი კვირით ადრე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეგრეთ წოდებულ „ბიო-უსაფრთხოების ბუშტებს“ გახსნიან, რომელთა მეშვეობითაც, მოთამაშეების ავსტრალიაში მიღება, კარანტინის გაუვლელად მოხდება.
„ჩვენ ბიო ბუშტებს პირველი დეკემბრიდან გავხსნით და იქ მოთამაშეები ნებისმიერ დროს შეძლებენ მისვლას. მათ არ მოუწევთ სასტუმროში ორკვირიანი კარანტინის გავლა. ჩვენ მათთვის გამონაკლისებს სწორედ ბიო უსაფრთხო ბუშტების გამოყენებით დავუშვებთ. ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი ტურნირი „ბედნიერი სლემია“. ახლა კი ვიტყვით, რომ ესაა ყველაზე უსაფრთხო და ბედნიერი სლემი“, - ამბობს ტილი.
მისივე თქმით, დამუშავებულია ხუთი სცენარი, რომელთაგან პირველი მაყურებლის სრულ დასწრებას ითვალისწინებს, მეორე შეზღუდული რაოდენობით მაყურებლის დაშვებას და მესამე - ტურნირის მაყურებლის გარეშე ჩატარებას. მეოთხე სცენარის მიხედვით, ტურნრის სხვა დროისთვის გადატანაა გათვალისწინებული, მეხუთე სცენარით კი ის არ გაიმართება.
ტილი იმედვნბს, რომ ავსტრალიის 2021 წლის ღია პირველობას, რომელსაც მელბურნ პარკი უმასპინძლებს, 400 000 მაყურებელი ეყოლება. ეს კი დაახლოებით იმის ნახევარია, რამდენიც წელს ჰყავდა. ამის საშუალებას ორგანიზატორებს ის გარემოება აძლევს, რომ კორტები 2.5 კილომეტრზეა გაშლილი და ამის წყალობით, სოციალური დისტანციის დაცვა პრობლემა არ იქნება.
ტურნირის თარიღის შეცვლის შემთხვევაში, არ განიხილება მისი მაისიდან ივლისამდე ჩატარება, რადგან ამ დროს ავსტრალიაში ზამთარია. გადადბის შემთხვევაში, პირველი ვარიანტი მარტი-აპრილია, მეორე კი - სექტემბერი-ოქტომბერი.
რაც შეეხება „ბიო-უსაფრთხო ბუშტებს“, ეს იქნება არეალი, სადაც მოთამაშეები ვარჯიშს და აკლიმატიზაციას შეძლებენ. ასეთი „ბუშტები“ პერტში, ბრისბენში, სიდნეიში, ადელაიდასა და მელბურნში განლაგდება.
როგორც ტილი ამბობს, ავსტრალიის ღიას ქვეყნისთვის და კერძოდ მელბურნისთვის დიდი მოგება მოაქვს. მაგალითად შარშან მელბურნის ეკონომიკამ დიდი სლემის ტურნირისგან 387 მილიონი ავსტრალიური დოლარი (277 ამერიკული დოლარი) იხეირა. ცნობისათვის, მელბურნი ტურნირს 1972 წლიდან მასპინძლობს.
დაბოლოს, ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ საპრიზო ფონდი არ შემცირდება და ის 71 მილიონი ავსტრალიური დოლარის ფარგლებში დარჩება. თუმცა მათივე თქმით, ტურნირიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად დაიკლებს.