ფეხბურთი

2:04 | 13.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

3-წუთიანი ზღაპარი: პსჟ-მ 25 წლის შემდეგ ნახევარფინალი გაიხსენა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო. დაიწყო ძალიან მაგრად და დრამატულად. „პარი სენ ჟერმენი“ ლისაბონში ბერგამოს „ატალანტას“ დაუპირისპირდა და 2:1 სძლია.

შეხვედრა იტალიელებისთვის დიდებულად მიდიოდა, უკეთეს სცენარს ჯან პიერო გასპერინი თამაშამდე ალბათ ვერც დაწერდა. „ატალანტა“ მეტოქის კარს მეთოდურად ემუქრებოდა და 27-ე წუთზე მარიო პაშალიჩმა ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა. საპასუხოდ, ფრანგების მხრიდან თამაშს მხოლოდ ნეიმარი ამწვავებდა, ისიც მხოლოდ ეპიზოდურად. ფაქტი იყო, რომ ტომას ტუხელს კილიან მბაპე მოედანზე სჭირდებოდა, რომელსაც ტრავმა აწუხებდა. კილიანი ჩაერთო თამაშში, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ რამე შეცვალა.

სამაგიეროდ შეცვალა ერიკ ჩუპო-მოტინგმა. კამერუნელს ტომას ტუხელმა 10 წუთი დაუთმო, მაგრამ აფრიკელმა შემტევმა მოასწრო მატჩის გმირი გამხდარიყო. 90-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც შეტევა დაიწყო, ნეიმარმა გააგრძელა და მარკინიოსმა დაასრულა. ბერგამოელები ნახევარფინალში სათამაშოდ ემზადებოდნენ, ბრაზილიელმა რომ გაათანაბრა. გავიდა სამი წუთი და ჩუპო-მოტინგმა თავადაც გაიტანა. ამ ორ გოლს შორის ინტერვალი სულ რაღაც 146 წამი იყო... ამ დროში გამოეცალა „ატალანტას“ ოცნება ხელიდან, თუმცა მასზე აუგს ვერავინ იტყვის, ბერგამოელებმა დიდებული სეზონი ჩაატარეს და ფეხბურთის გულშემატკივართა გულებში ადგილი სამუდამოდ მოიპოვეს.

„პარი სენ ჟერმენმა“ კი როგორც იქნა დაუძლეველი ბარიერი დაძლია. ისტორიაში მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და 1995 წლის შემდეგ პირველად. ამრიგად, ტომას ტუხელის გუნდი აგრძელებს ნანატრი ტიტულისკენ სვლას და წინ ნახევარფინალია, მეტოქე დღეს გახდება ცნობილი - „ატლეტიკო“ ან „ლაიფციგი“.

„ატალანტა“ – „პარი სენ ჟერმენი“ 1:2 (1:0)

ლისაბონი, „და ლუჟი“

უმაყურებლოდ

„ატალანტა“ (3-4-2-1): სპორტიელო; ტოლოი, კალდარა, ჯიმსიტი (პალომინო 60); ჰატებური, დე რონი, ფროილერი, გოსენსი (კასტანე 82); პაშალიჩი (მურიელი 70), გომესი (მალინოვსკი 59); საპატა (და რივა 82)

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი

„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-1-2): ნავასი (სერხიო რიკო 79); კერერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი; ერერა (დრაქსლერი 72), მარკინიოსი, გეიე (პარედესი 72); ნეიმარი; სარაბია (მბაპე 60), იკარდი (ჩუპო-მოტინგი 79)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლი: 1:0 პაშალიჩი (27), 1:1 მარკინიოსი (90), 2:1 ჩუპო-მოტინგი (90)

გაფრთხილება: ჯიმსიტი (37), ფროილერი (45), დე რონი (50), საპატა (53), ტოლოი (67), პალომინო (85) - ბერნატი (54), ერერა (57), პარედესი (75)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 13 (6) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

0.149376