ესპანურ ფეხბურთში კორონავირუსი დაბრუნდა, ამის თქმა უკვე გადაჭრით შეიძლება... „ატლეტიკოში“ (ორი), „ბარსელონასა“ (ერთი) და „ვალენსიაში“ (ორი) გამოვლენილი შემთხვევების შემდეგ დაინფიცირების 6 შემთხვევა ბილბაოს „ატლეტიკმაც“ დაადასტურა.
„ატლეტიკ ბილბაოს“ ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა პერსონალთან ერთად გაიარეს სავალდებულო ტესტირება, რომელიც დადგენილია ლა ლიგის პროტოკოლით. დადებითია 6 პასუხი და ისინი იზოლირებულნი არიან სახლებში, ხოლო კვირას განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდებათ“, - წერს ბასკური გუნდი საკუთარ ვებგვერდზე.
ყველა დაინფიცირებულის ვინაობა უცნობია, მაგრამ ერთ-ერთი „ბილბაოს“ ლიდერი ინიაკი უილიამსია, რომელმაც ცნობა ტვიტერში დაადასტურა:
„დღეს ტესტზე დადებითი პასუხი მივიღე. უსიმპტომო ვარ და თავს კარგად ვგრძნობ. სახლში იზოლირებული ვიქნები, სანამ ვირუსი არ დამარცხდება. ველოდები, რომ გუნდს პრესეზონისთვის მალე შევეუერთდები“, - დაწერა ინიაკიმ.