ფეხბურთი

10:52 | 12.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ნანატრი მიზნისკენ, "ატალანტა" - ოცნებისკენ

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი აიღებს სტარტს. ჩემპიონთა ლიგისთვის მეტად უჩვეულო სტილში - ერთმატჩიანი დუელებით, ნეიტრალურ სტადიონებზე და უმაყურებლოდ.

1/4 ფინალს „პარი სენ ჟერმენი“ და ბერგამოს „ატალანტა“ გახსნიან. ორი შემტევი ფეხბურთის მქადაგებელი გუნდი. პსჟ-სთვის ნახევარფინალი მიუღწეველი ეტაპია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წელიწადში პარიზულ გუნდში დიდი ინვესტიციაა განხორციელებული. „ატალანტა“ კი არათუ მეოთხედფინალის, ზოგადად ტურნირის დებიუტანტია, მაგრამ საოცარი ფეხბურთით ფეხბურთის გულშემატკივრების გული ნამდვილად მოიგო.

„ატალანტამ“ წინა ეტაპზე „ვალენსია“ გაანადგურა ორი მატჩის ჯამში 8:4 მოუგო. ამ რვიდან 4 გოლი იოსიპ ილიჩიჩმა გაიტანა, რომელიც დეპრესიაშია და არათუ დღეს არ ითამაშებს, შეიძლება კარიერაც დაასრულოს. ჯან პიერო გასპერინის გუნდმა სერია A-ც დიდებულად ჩაატარა და საპატიო, მესამე ადგილზე დაასრულა. სეზონის მიმდინარეობისას ცოტა რომ გამართლებოდა, სულაც არ იყო გამორიცხული უფრო მეტისთვის მიეღწია და მათ შორის სკუდეტოსთვის...

პსჟ-მ კი ამ სეზონში უკვე მოახერხა სამი ტიტულის მოგება და საფრანგეთში ყველაფერი მოიგო. ლიგა 1 ჯერ კიდევ მაისში, სეზონის შეწყვეტისა და დასრულებულად გამოცხადების შემდეგ. შემდეგ საფრანგეთის თასი და ლიგის თასი, ეს ცოტა ხნის წინ, როდესაც ჯერ „სენტ ეტიენს“ 1:0 მოუგო, ხოლო მერე „ლიონს“ პენალტების სერიაში აჯობა.

„ატალანტას“ დეპრესიაში მყოფი ილიჩიჩის გარდა, ძირითადი მეკარე გოლინი დააკლდება, რომელიც ტრავმირებულია. ორივე ფეხბურთელი იტალიელებისთვის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ. თუმცა, პსჟ-საც სერიოზული დანაკლისი აქვს - ტრავმები აწუხებთ მარკო ვერატისა და ლაიუინ კურზავას, ხოლო ანხელ დი მარია დისკვალიფიცირებულია. ამასთან, კილიან მბაპეს საკითხი გადაწყვეტილი არაა. ის საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში დაშავდა, თუმცა ბოლო ვარჯიში ჩაატარა და განაცხადშია. ტომას ტუხელმა აღნიშნა, რომ შეიძლება კილიანმა ითამაშოს კიდეცო.

ისიც ვთქვათ, რომ პსჟ და „ატალანტა“ ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან და დღეს დაიწყება მათი ურთიერთდაპირისპირების ისტორია. სხვათა შორის, „ატალანტას“ დიდი მისია აკისრია - ის ერთადერთი იტალიური გუნდია, რომელიც ლისაბონში „რვათა ფინალში“ იმყოფება!

ჯან პიერო გასპერინი („ატალანტას“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენ დავინახეთ, რომ კონკრეტული ევროპული მემკვიდრეობის გარეშე გუნდს შეუძლია კარგად გამოიყენოს ის ღირებულებები, როგორებიცაა ნებისყოფა, მოტივაცია და ენთუზიაზმი. ვფიქრობ, რომ ხალხს ეს ძალიან მოსწონს. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, არა შედეგის იმედგაცრუებით, არამედ ფასეულობების გათვალისწინებით. ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ის ნებისმიერი გუნდისთვის პრობლემაა. ვფიქრობ, მისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა, ჩვენი თამაში ვითამაშოთ და ყველას მივაქციოთ ყურადღება“.

ტომას ტუხელი („პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი): „ატალანტასთან“ თამაში რთულია. ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ ყველაფერია შესაძლებელი. ეს ტექნიკური თამაში იქნება, მაგრამ ასევე გონებრივიც. ერთად ვიბრძვით და ერთად ვითამაშებთ“.

სავარაუდო შემადგენლობები

ლისაბონი, „და ლუჟი“, 12 აგვისტო, 23:00 საათი

„ატალანტა“ (3-4-2-1): სპორტიელო; პალომინო, ტოლოი, ჯიმშიტი; გატებური, დე რუნი, ფროილერი, გოსენსი; გომესი, მალინოვსკი; საპატა

„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): ნავასი, კერერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი; ერერა, მარკინიოსი, გეიე; სარაია, იკარდი, ნეიმარი

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

0.116273