ფეხბურთი

18:14 | 10.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჭიაბრიშვილი: "ამ მოცემულობაში სახლში თამაში უპირატესობა არაა"

„ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ევროპა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ კლუბის ვებგვერდთან ისაუბრა. მისი განცხადებით, ძალიან "უნივერსიტატია კრაიოვა" ძლიერი გუნდია, თუმცა სუსტი მეტოქის მოლოდინი არც ჰქონდათ.

საინტერესოა, რომ ჭიაბრიშვილი სახლში თამაშის ფაქტორს უპირატესობად არ თვლის, რადგან მატჩი მაინც უმაყურებლოდ გაიმართება.

„დავიწყოთ იქედან, რომ ჩვენ არ გვქონია რომელიმე კონკრეტული გუნდის მოლოდინი და ყველა პოტენციურ მეტოქეს ერთნაირად ვუდგებოდით. შეგვხვდა ის, ვინც შეგვხვდა. ჩვენი მეტოქის სიძლიერეზე ისიც მეტყველებს, რომ რუმინეთის ჩემპიონატში ეს გუნდი მეორე ადგილზეა. მათ რიგებში თამაშობენ რუმინეთის, ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელები. ჰყავთ საკმაოდ კარგი მეკარე, რომელიც იტალიის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა.

დღეს, გორის „დილასთან“ სერიოზული თამაშისთვის ვემზადებით და ახლა მხოლოდ ამაზე ვართ კონცენტრირებული. ამის შემდეგ, გველის „სამტრედიასთან“ დაპირისპირება. ამ თამაშების მერე, ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ, ვნახავთ „კრაიოვას“ თამაშებს და მაქსიმალური მობილიზებით მოვემზადებით.

ამ მოცემულობაში, სახლში თამაში მე უპირატესობა არ მგონია, რადგან მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. თან, ჩვენს საშინაო არენაზე არ ვთამაშობთ და ჩვენთვისაც ისეთივე მატჩი იქნება ნეიტრალურ მოედანზე, როგორც ჩვენი მეტოქისთვის“, - ციტირებს ჭიაბრიშვილის სიტყვებს „ლოკომოტივის“ ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „ლოკომოტივი“ „უნივერსიტატია კრაიოვას“ 27 აგვისტოს დაუპირისპირდება.

0.157743