მადრიდის „ატლეტიკოში“ ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ესპანურ კლუბში ტესტირება პორტუგალიაში გაფრენამდე ჩატარდა, რამაც აჩვენა, რომ ორი მოთამაშე დაინფიცირებულია.
ფეხბურთელთა ვინაობას „როხიბლანკო“ ამჟამად არ ასახელებს და წერს, რომ ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
„გუნდის ყველა წევრმა, რომლებიც პორტუგალიაში უნდა გაფრენილიყვნენ, კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარეს, რომელმაც ორი ფეხბურთელის შემთხვევაში დადებითი შედეგი აჩვენა. ისინი იზოლირებულნი არიან. მთელი გუნდი განმეორებით ტესტირებას გაიკეთებს“, - წერია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკოს“ 13 აგვისტოს, „ლაიფციგის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩი აქვს გასამართი.