ფეხბურთი

21:29 | 9.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტირანას" მწვრთნელი: "დინამოს" დამატებითი იარაღი აქვს, მაგრამ შეგვიძლია ისევ დავამარცხოთ"

ალბანური „ტირანას“ მთავარმა მწვრთნელმა ემანუელ ეგბომ „დინამო თბილისი“ შეაფასა და განაცხადა, რომ ყველა ჩემპიონი ძლიერი გუნდია. გარდა ამისა, ნიგერიელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.

თუმცა, არ ავიწყდება 2003 წლის მატჩი, როდესაც „ტირანამ“ „დინამო“ დაამარცხა და მაშინ ეგბო ალბანელთა კარს იცავდა, პენალტების სერიაში ორი პენალტიც მოიგერია და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

„ამ სეზონის ყველა ჩემპიონი ძლიერი გუნდია. სტუმრად ვითამაშებთ, არა ტირანაში და ამიტომ, სირთულე უფრო იზრდება. "დინამოს" წინააღმდეგ ვითამაშე, როგორც ფეხბურთელმა, ეს დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ პატივსაცემი მეტოქე გვყავდა. „დინამოს“ უპირატესობა აქვს, რადგან ჩემპიონატი მიმდინარეობს და ფორმაშია, რაც დამატებითი იარაღია. გარდა ამისა, ლიდერია და ფსიქოლოგიური პლიუსიც გააჩნია.

ამის მიუხედავად კარგი შეგრძნება მაქვს, რადგან ერთხელ უკვე დავამარცხეთ და შეგვიძლია ახლაც იგივე გავაკეთოთ. ვმუშაობთ სატრანსფერო ბაზარზე იმისთვის, რომ დავიმატოთ საჭირო ფეხბურთელები და მიზანს მივაღწიოთ“, - აღნიშნა ეგბომ.

აქვე გეტყვით, რომ 2003-2004 წლების სეზონში „დინამო თბილისმა“ „ტირანა“ შინ ლევან მელქაძის, გიორგი ანჩაბაძისა და ვიტალი დარასელიას გოლებით 3:0 დაამარცხა. თუმცა, ზუსტად ერთ კვირაში სუად ლიჩის, ინდრიტ ფორტუზისა და მაჰირ ჰალილის გოლებით ალბანელებმა ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრეს. პენალტების სერიაში კი „ტირანას“ 4:2 მოიგო, თბილისელთაგან პენალტები ალექსანდრე გოგობერიშვილმა და ლადო ახალაიამ ვერ გაიტანეს.

„დინამო თბილისისა“ და „ტირანას“ ახლანდელი დაპირისპირება თბილისში 18 ან 19 აგვისტოს გაიმართება და მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობაც ამავე მატჩში გაირკვევა.

0.122535