ავტოსპორტი

21:23 | 8.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასმა ჰამილტონს კვალიფიკაციის ბოლო წამებზე აჯობა

ფორმულა 1-ის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლაში, ვალტერი ბოტასმა ჩემპიონატის ლიდერ ლუის ჰამილტონს 0.063 წამით აჯობა და მიმდინარე სეზონში მეორე, კარიერაში კი მე-13 პოული მოიპოვა. რბოლას კვლავ სილვერსტოუნი მასპინძლობს, რომელზეც ერთი კვირით ადრე, ბრიტანეთის დიდი პრიზი ჩატარდა.

„წინა უქმეებისგან განსხვავებით, განსხვავებული სტრატეგია გვექნება. ხვალინდლ რბოლაში ჩემი მოლოდინი მხოლოდ გამარჯვებაა“, - განაცხადა ბოტასმა, ვინც ეს სეზონი ავსტრიაში მოგებული პოულით დაიწყო, თუმცა მას შემდეგ, კვალიფიკაციებს მისი თანაგუნდელი ჰამილტონი იგებდა.

„პირელიმ“ სილვერსტოუნის მეორე რბოლისთვის, უფრო რბილი საბურავები ჩაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ პილოტებს ორ პიტ სტოპიანი სტრატეგიის არჩევა მოუწევთ. წინა კვირაში „მერსედესის“ ორივე პილოტს საბურავებმა უმტყუნა, რამაც ბოტასი აზარალა, ჰამილტონმა კი სამი ბორბლითაც პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

ამგვარად, სამქიმიანების პილოტებმა, ამ სეზონის ყველა რბოლის სტარტზე, ორივე მოწინავე პოზიცა დაიკავეს. „მერსედესისთვის“ ეს 67-ე საკვალიფიკაციო დუბლია. გერმანულ გუნდს წინა ოთხივე რბოლა მოგებული აქვს. ჰამილტონს შანსი აქვს, კარიერაში 155-ე რბოლა დაასრულოს კვარცხლბეკზე, რითაც მიხაელ შუმახერის მიღწევას გაიმეორებს.

კვალიფიკაციაში მესამე შედეგი ნიკო ჰულკენბერგს ჰქონდა, ვინც „რეისინგ პოინტში“, კორონავირუსით ინფიცირებულ სერხიო პერესს ცვლის. ჰულკენბერგმა წინ რბოლაში სტარტზე გასვლაც ვერ შეძლო - გუნდმა ძრავი ვერ დაქოქა. ამჯერად კი ის „დანარჩენებში“ საუკეთესო იყო. აღსანიშნავია, რომ ჰულკენბერგს ფ1-ის 177 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული და კვარცხლბეკზე ჯერ ერთხელაც არ მდგარა. თუმცა ამის გამოსწორების რეალური შანსი, კვირის რბოლაში ექნება.

მხოლოდ მე-12 დროს დასჯერდა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი. მისი თანაგუნდელი შარლ ლეკლერი მე-8 პოზიციაზეა. „ფერარიმ“ კვალიფიკაციის დაწყებამდე, ორივე მანქანაზე აგრეგატი შეცვალა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ პარასკევის ვარჯიშის დროს, ფეტელის მანქანაზე ძრავი მწყობრიდან გამოვიდა.

კვალიფიკაციის მეორე ნაწილში ასპარეზობა კვლავ მოახერხა „უილიამსის“ ჯორჯ რასელმა. ძნელი სათქმელია, შეძლებდა თუ არა უფრო მეტს, ესტებან ოკონს ხელი რომ არ შეეშალა. ფრანგს ამისთვის სტარტზე სამი ადგილით უკან დადგომა მოუწევს.

საინტერესოა, რომ 1950 წელს, სილვერსტოუნზე ჩატარებული ფ1-ის პირველი რბოლა „ალფა რომეომ“ მოიგო, რომელიც ამჯერად სტარტზე ბოლო ორ ადგილს დაიკავებს...

70-ე წლისთავის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1'25.154
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.063
  3. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რეისინგ პოინტი) 0.928
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1.022
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1.143
  6. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1.274
  7. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.380
  8. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1.460
  9. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 1.515
  10. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.624
  11. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 1.857
  12. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1.924
  13. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1.929
  14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 2.100
  15. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2.301
  16. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 2.728
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 3.082
  18. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 3.276
  19. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 3.279
  20. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 3.339
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11771