ფეხბურთი

20:39 | 6.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროტურნირების საკვალიფიკაციო მატჩები უმაყურებლოდ გაიმართება

6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს.

უეფას გადაწყვეტილებით, ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შესახებ კი, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ 2020-2021 წლების სეზონის ევრო ტურნირების წილისყრა 9 აგვისტოს გაიმართება. უეფას დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ წყვილის ვერცერთი გუნდი ვერ შეძლებს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის მასპინძლობას, შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება.

დღევანდელი გადაწყვეტილებით ასევე გადაიდო 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი, რომელიც სექტემბრის სანაკრებო შესვენების ნაცვლად ოქტომბერში გაიმართება. რაც შეეხება, 2021 წლის 17-წლამდე და 19-წლამდე ნაკრებთა საკვალიფიკაციო ეტაპებს, შეხვედრები 2021 წლის გაზაფხულზე გადაიდო.

ეროვნული ნაკრების და 21-წლამდე ნაკრების მატჩების შესახებ უეფა კიდევ ერთ ონლაინ შეხვედრას 20 აგვისტომდე გამართავს. სწორედ ამ შეხვედრაზე გახდება ცნობილი უფრო მეტი დეტალი მოახლოებული სანაკრებო მატჩების შესახებ.

ვიდეო კონფრენციაზე უეფას წევრი ასოციაციების გენერალურმა მდივნებმა ასევე იმსჯელეს ქალთა ეროვნული ნაკრებების მატჩებზე და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სექტემბრის სანაკრებო პაუზამ შესაძლოა 2021 წლის თებერვალში გადაინაცვლოს.

ვიდეო კონფერენციის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

"დღევანდელი შეხვედრის ძირითადი თემა ევროტურნირები იყო. კვირას 9 აგვისტოს, მომდევნო სეზონის ევროტურნირების წილისყრა გაიმართება, სადაც ქართული გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნებს შორის გადაადგილება ჯერაც პრობლემურ საკითხად რჩება, აქედან გამომდინარე, უეფას გადაწყვეტილებით, საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმატჩიანი დაპირისპირებები იქნება. დღეს გადაწყდა, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩების გარდა ყველა სხვა შეხვედრა გულშემატკივრის გარეშე გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კლუბებთან და შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ყველაფერს გააკეთეს იმისთვის, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში მატჩებს ღირსეულად ვუმასპინძლოთ. უეფამ ასევე გაგვაცნო ალტერნატიული გეგმა, იმ შემთხვევაში თუ წყვილიდან ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს შეხვედრის მასპინძლობას, მატჩი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება. წარმოდგენილ იქნა ოთხი ქვეყნის ვარიანტი: საბერძნეთი, კვიპროსი, პოლონეთი და უნგრეთი.

ფეხხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში გავმართავს შეხვედრას ევროტურნირების მონაწილე ქართული კლუბების წარმომადგენლებთან და ერთობლივი ძალებით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მატჩების საქართველოში მასპინძლობის შესაძლებლობა მოიპოვოს.

დღევანდელი მდგომარეობით ეროვნული ნაკრებისა და 21-წლამდე ნაკრების განრიგი უცვლელი რჩება, თუმცა 20 აგვისტომდე უეფას ორგანიზებით კიდევ ერთი ვიდეო კონფერენცია გაიმართება, სადაც ყველა ის დეტალი გაირკვევა თუ რა პირობებში მოგვიწევს ამ მატჩების ჩატარება."

GFF.GE

0.122462