ფეხბურთი

22:53 | 5.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

აურზაური და პენალტების ბუმი ქობულეთში

მორიგი წარუმატებელი საშინაო მატჩი გამოუვიდა ქობულეთის “შუქურას”, რომელიც წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, გაცილებით ხმაურიანი გამოდგა. მიზეზი ის გახლდათ, რომ მასპინძელთა კლუბის ქომაგები და მესვეურები შეხვედრის არბიტრს შემოსწყრნენ, თუმცა თემიდის მსახურთა მიმართ დიდად კმაყოფილნი არც რუსთაველები დარჩენილან, რომელთაც რამდენიმე ფეხბურთელი მოწამლული ჰყავდათ. საერთოდ, არბიტრების თემა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აჟიტირებულია და მსაჯებსაც გარკვეული, მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ უწევთ საქმიანობა.

მატჩი “შუქურას” ფეხბურთელების დიდი უპირატესობით დაიწყო. თავდაპირველად სახიფათო შეტევებს მხოლოდ მასპინძლები ქმნიდნენ. პირველი უკმაყოფილება არბიტრის მიმართ მასპინძლებს მე-13 წუთზე გაუჩნდათ, როდესაც რუსთაველთა საჯარიმოში გიორგი ჩელებაძე მცველთან ჭიდილში წაიქცა. არბიტრმა აღნიშნულ სიტუაციაში წესების დარღვევა ვერ დაინახა და თამაშიც გაგრძელდა. მალე იგივე განმეორდა ქვემოქართლელთა საჯარიმოში, ოღონდ ამჯერად წაქცეული ჩაფიძე აღმოჩნდა, რუსთაველი ნარიმანიძის წყალობით. ამ შემთხვევაშიც ზღვისპირელებს ჰქონდათ პრეტენზიები პენალტთან დაკავშირებით და ხორავამაც, თანამსაჯთან კონსულტაციის შემდეგ, თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი გიორგი ჩელებაძემ შეასრულა, რომელიც ქობულეთელთა შემადგენლობაში ტრადიციულად ასრულებს სტანდარტულებს, თან უმეტეს შემთხვევებში წარმატებით. ამ შემთხვევაში კი გიორგის არ გაუმართლა, მისი დარტყმული ძელს მოხვდა, დამატებაზე თვითონ ცდილობდა გატანას, მაგრამ მიზანს ააცილა. ანგარიშის გახსნის 100%-იანი შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შემდეგ ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ ქობულეთელები კიდევ ითხოვდნენ პენალტს, რომელიც არბიტრმა არ დანიშნა. რუსთაველთა საჯარიმოში, მეკარის ბაქანთან ახლოს კარში დარტყმას ჩაფიძე და ჩელებაძე ცდილობდნენ. მათ წინ მცველები გადაეღობნენ. ამ ორომტრიალში ჩელებაძე წაიქცა, თუმცა მასპინძელთათვის სასურველი სტანდარტული ამჯერად აღარ დანიშნულა.

დინამიკური ხუთწუთეულის შემდეგ თამაში მცირე ხნით ჩაწყნარდა. 26-ე წუთზე ისევ შეიქმნა ანალოგიური სიტუაცია სტუმართა კართან. დასარტყმელ პოზიციაზე ტუღუში ჰყავდათ გაყვანილი ქობულეთელებს, რომელიც წაიქცა და ისევ მოთხოვნა გაჩნდა თერმეტმეტრიანისა, მაგრამ ხორავამ ხელი კუთხურისკენ გაიშვირა. 31-ე წუთზე პირველი დარტყმა უკვე მასპინძელთა კარის მიმართულებით განხორციელდა. “შუქურას” კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა ვარლამ კილასონიამ შეასრულა, თუმცა ჯიოევი საიმედო იყო. ცოტა ხანში ისევ სტანდარტული დაინიშნა მასპინძელთა კარის მიმართულებით, რომელიც ცნობილაძემ შეასრულა, მაგრამ მცირედით არაზუსტად. ანალოგიურად მცირე მანძილით ააცილა ჩაფიძემ, როდესაც საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა ბედიაშვილის კარისკენ. ტაიმის მიწურულს კი რუსთაველებს ზედიზედ ორჯერ შეექმნათ მომენტი, მაგრამ პირველ შემთხვევაში ქობულეთელები გიორგი გურულის თავგანწირულმა თამაშმა გადაარჩინა, მეორედ კი სიხარულიძის თავური მცირედით აცდა.

მეორე ტაიმი ისევ ნაცნობი სცენარით დაიწყო. მეტალურგთა მცველის და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედებების წყალობით შანსი მეტრეველს მიეცა, რომელიც ბურთისაკენ დაიძრა. ბედიაშვილმა თითქოს ბურთზე მეტად ფორვარდზე ითამაშა. მეტრეველი დაეცა, რუსთაველებმა ბურთი გაჭირვებით გამოიტანეს. მასპინძლები კი პენალტს ამაოდ ითხოვდნენ. საპასუხო შეტევაში უკვე რუსთაველები ითხოვდნენ თერმეტმეტრიანს, მაგრამ არბიტრმა არც მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა. 55-ე წუთზე ალავერდაშვილმა გაგზავნა საჯარიმოს სიახლოვედან ძლიერად, მაგრამ ბურთი მცირე მანძილითა აცდა ჯიოევის დასაცავ ობიექტს. მალევე ჯოხაძის ჩაწოდებულზე ჯერ ვასაძე, მერე კი სიხარულიძე ცდილობდნენ ბურთის კარში გაგზავნას, მაგრამ ქობულეთელთა იღბლად ეს ვერ მოახერხეს და “შუქურაც” გადარჩა. საპასუხო შეტევაში ჩაფიძე შეეცადა ბედიაშვილისათვის გაეტანა, მაგრამ კიპერი საიმედოდ გაისარჯა.

70-ე წუთზე ხორავამ პენალტი მასპინძელთა კარში დანიშნა. მიზეზი, ალავერდაშვილის დარტყმის შემდეგ მცველის მიერ ხელით თამაში იყო. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ვარლამ კილასონია მივიდა, რომელმაც ზუსტად მოიხად თავისი ვალი, ზუსტად დაარტყა და “მეტალურგი” დააწინაურა – 1:0. 75-ე წუთზე რუსთაველები ისევ ითხოვდნენ პენალტს, ამჯერად ჯოხაძის წაქცევისათვის, თუმცა არბიტრმა სიტუაცია სხვაგვარად განსაჯა და თამაშის გაგრძელება ბრძანა.

დარჩენილ დროში ქობულეთელები ბევრს ეცადნენ გატანას და გათანაბრებას, მაგრამ აღმოსავლელები თავს კარგად იცავდნენ. 85-ე წუთზე არბიტრმა გინებისათვის ჩაფიძე გააძევა. ყველაზე რეალური მომენტი მაინც კუტალიას შეექმნა, როდესაც იგი თავით ცდილობდა გატანას, მაგრამ ბედიაშვილის რეაქციამ რუსთაველები აშკარა გოლისაგან იხსნა. მიუხედავად ზღვისპირელთა მონდომებისა და გოლის გატანის დიდი სურვილისა სტუმართა დაცვა და მეკარე საიმედოდ თამაშობდნენ, რამაც “მეტალურგს” საქმე გამარჯვებამდე და სასურველ სამ ქულამდე მიაყვანინა. როგორც ზემოთ აღინიშნა, თემიდის მსახურთა მოქმედებით განსაკუთრებით უკმაყოფილო წაგებული მხარე დარჩა. “თამაშის წინ ვუთხარი, დახმარებას არ გთხოვ, კაცურად იმსაჯე-თქო. რაღაც პრეტენზიები წინა თამაშებშიც გვქონდა, მაგრამ მსაჯებისთვის სიტყვა არ მითქვამს, რადგან ორივე მხარეს ცდებოდნენ. ერთ მხარეს შეცდე მუდამ, ეს უკვე სხვა რამეს ნიშნავს. ბათუმის "დინამოს" რა უქნა და ახლა ჩვენც დაგვშალა" - ასეთი იყო ნამატჩევს რევაზ ჩელებაძის კომენტარი. “აჭარული გუნდების მეგრელი მტერი” – ასე მოიხსენიებდნენ ქომაგები ხორავას, რომელსაც თანამსაჯებთან ერთად მსაჯთა ოთახში სიტუაციის ჩაცხრობამდე მოუწია ყოფნა. შემდეგ კი მათი უსაფრთხოდ გამოყვანაზე და სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარებაზე თავად რევაზ ჩელებაძემ იზრუნა.

“შუქურა” – “მეტალურგი” 0:1 (0:0)

5 ოქტომბერი. 15:00. ქობულეთი. “ჩელე არენა”. 1000 მაყურებელი

“შუქურა”: ჯიოევი, ტვილდიანი, ხოჭოლავა, გიორგი გურული, ჩალაძე, ჩაფიძე, ტუღუში (კომახიძე, 58), მეტრეველი (გონსალეს დე სილვა 64, ბერიაშვილი 78), კუტალია, ჩელებაძე, კუხიანიძე.

მთავარი მწვრთნელი: ამირან გოგიტიძე

“მეტალურგი”: ბედიაშვილი, მჭედლიშვილი (გაბაშვილი, 82), ნარიმანიძე, ვარლამ კილასონია, კ. ხიზანეიშვილი, ჯოხაძე, ვასაძე, სიხარულიძე, ცნობილაძე, ალავერდაშვილი (ბიწკინაშვილი, 84), ცნობილაძე, გელაშვილი (ტორონჯაძე, 69).

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

გოლი: 0:1 კილასონია (71, პენალტით)

მე-15 წუთზე ჩელებაძემ ვერ გამოიყენა პენალტი

გაფრთხილება: მჭედლიშვილი (15), გურული (22), ხოჭოლავა (37), ტუღუში (55), სიხარულიძე (62), ხიზანეიშვილი (74).

გაძევება: ჩაფიძე (85).

არბიტრი: ჯენერი ხორავა (ხობი)


1.დინამო (თბილისი)852114:617
2.სამტრედია851210:616
3.დილა842212:414
4.სპარტაკი84227:714
5.ტორპედო83418:513
6.ჩიხურა84139:813
7.მეტალურგი833210:812
8.ვიტ-ჯორჯია83149:810
9.დინამო (ბათუმი)83148:1010
10.გურია82427:1310
11.ზესტაფონი823316:119
12.მერანი82246:88
13.სიონი82249:138
14.კოლხეთი82247:118
15.შუქურა81435:127
16.ზუგდიდი80444:114

მეგოლეები:

5 -ირაკლი მოდებაძე (დილა)

4-შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია (მეტალურგი)

2 - ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, გიორგი ჩირგაძე (დინამო), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), საბა ლომია, გიგა ჟვანია, კობა შალამბერიძე (გურია), გიგა ამბროლაძე, დათა სიჭინავა (კოლხეთი), თეიმურაზ ღონღაძე, ჯაბა ჯიღაური (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, გიორგი ფანცულაია (ზესტაფონი), გივი კვარაცხელია, ჯაბა უგულავა (სიონი), გიორგი ივანიშვილი (სპარტაკი),დათა ციცხვაია (მერანი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

გიორგი წურწუმია ქობულეთიდან

0.120289