ჩოგბურთი

0:12 | 6.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ს ღია ჩემპიონატი - ახალგაზრდების შანსი

ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობა აგვისტოს ბოლოს დაიწყება და ტურნირის ფავორიტი მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება, რომელიც დიდი სლემის მე-18 ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს. მიმდინარე წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, ბევრი ტურნირი გადაიდო და კორონავირუსის გამო ტურნირიდან მოეხსნა მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალი.

ესპანელის აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამძაფრებს კონკურენციას და ახალგაზრდა, მომავალ ვარსკვლავებს შანს აძლევს კარიერაში პირველი დიდი სლემის ტურნირი მოიგონ. ახალგაზრდა ჩოგბურთელებში მოიაზრება დომინიკ ტიმი, დანილ მედვედევი, სტეფანოს ციციპასი და ალექსანდრ ზვერევი, რომლებიც აქტიურად ცდილობენ დიდი სლემის ტურნირზე წარმატებას მიაღწიონ.

ჯოკოვიჩმა აშშ-ს ღია ტურნირი 2011, 2015 და 2018 წლებში მოიგო და მასაც აქვს თავისი მოტივაცია - სერბი დიდი სლემის მე-18 ტიტულს უმიზნებს და ამ კატეგორიაში ლიდერებთან მიახლოების კარგი შანსი აქვთ. დიდი სლემის ტურნირები რაფაელ ნადალმა 19-ჯერ მოიგო, ხოლო როჯერ ფედერერმა - 20-ჯერ. შვეიცარიელი ტრავმის გამო მთელი წელი გამოეთიშა ჩოგბურთის თამაშს. ამავდროულად, ჯოკოვიჩს მიმდინარე წელს 18-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. წლის დასაწყისში ნოვაკმა ავსტრალიის ღია პირველობა მერვედ მოიგო, ხოლო ATP-ის თასის პირველ გათამაშებაზე სერბეთს ულიდერა და ჩემპიონი გახდა.

შესაძლოა მსოფლიოს პირველ ნომერს თავისი ამბიცია აქვს და ამის დამტკიცებას შეეცდება, თუმცა ახალგაზრდა ვარსკვლავები სამი გამოკვეთილი ლიდერის უკან ჩამოტოვებაზე უარს არ იტყვიან, რათა პირველად მოიგონ დიდი სლემის ტურნირი. თან ამ ყველაფერს ხელს უწყობს ნადალის და ფედერერის არყოფნა და დიდი შანსია სამი წლის შემდეგ პირველად ვიხილოთ აღნიშნული სამეულის გარდა სხვა, ჩემპიონის რანგში. ბოლოს ნადალის, ჯოკოვიჩის და ფედერერის გარდა დიდი სლემის ტურნირი სტან ვავრინკამ 2016 წელს მოიგო - შვეიცარიელმა აშშ-ს ღია პირველობაზე დაიკავა პირველი ადგილი.

ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ციციპასი, რომელმაც გასული წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო, ასევე 2019 წლის ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ზვერევს მასტერსის ტურნირები სამჯერ აქვს მოგებული და მისი საუკეთესო შედეგი დიდი სლემის ტურნირებზე 2020 წლის დასაწყისში დაფიქსირდა, როდესაც ავსტრალიაში ნახევარფინალში გავიდა, თუმცა დომინიკ ტიმთან დამარცხდა. ავსტირელ ჩოგბურთელს რაც შეეხება, ყველაზე მეტი შანსი ალბათ მას აქვს, რადგან ბოლო სამ წელიწადში სამჯერ გავიდა დიდი სლემის ტურნირების ფინალში, თუმცა ჯერჯერობით ტიტულის გარეშეა.

აგრეთვე, ამერიკაში ითამაშებს იტალიელი მატეო ბერეტინი, რომელიც გასულ წელს დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ტუნრირში მონაწილეობას მიიღებს მეათე ნომერი დავიდ გოფინი და 2014 წლის აშშ-ს ღია პირველობის გამარჯვებული მარინ ჩილიჩი. ასევე, ითამაშებენ, ფინალისტები კეი ნიშიკორი, კევინ ანდერსონი და 2019 წლის აშშ-ს ღიას ნახევარფინალისტი გრიგორ დიმიტროვი.

მართალია ტურნირი გეგმის მიხედვით გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება, თუმცა ჩოგბურთელებს მოტივაცია მაინც აქვთ. ერთს მხრივ ჯოკოვიჩი გამოკვეთილი ფავორიტია და დიდი შანსი აქვს ტურნირი მოიგოს, თუმცა რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ რთულია განსაზღვრო ვინ როგორ ფორმაში იქნება. ახალგაზრდებს სხვა მოტივაცია აქვთ და საბოლოოდ გულშემატკივრების გარეშეც საინტერესო ტურნირი უნდა გამოდგეს. აშშ-ს ღია პირველობა 31 აგვისტოს დაიწყება და 13 სექტემბერს დასრულდება.

0.119674