ჩოგბურთი

2:08 | 5.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი აშშ-ის ღიაზე არ ითამაშებს

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალი აშშ-ის ღია პირველობას გამოეთიშა. ესპანელმა ტვიტერზე დაწერა: „ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ აშშ-ის ღიაზე წელს არ ვითამაშო. მსოფლიოში ძალიან რთული სიტუაციაა, კოვიდ-19-ის შემთხვევები იზრდება და როგორც ჩანს, ჩვენ მას ჯერაც ვერ ვაკონტროლებთ“.

აშშ-ის ღია სტარტს 31 აგვისტოს აიღებს. როგორც ყოველთვის, ის ნიუ იორკში, ფლეშინგ მედოუსის კორტებზე გაიმართება, რომელიც უფრო ადრე, ცინცინატის ტურნირსაც უმასპინძლებს. ორივე ტურნრის დროს, ტრიბუნები ცარიელი იქნება.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ დიდი სლემის ტურნირს, ქალთა რეიტინგის პირველი ნომერი, ავსტრალიელი ეშ ბარტიც გამოტოვებს. ნადალმა აშშ-ის ღია შარშან მოიგო და ეს მის კარიერაში, დიდი სლემის მე-19 ტიტულია. ის ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ სურდა:

„კალენდარი 4-თვიანი უქმეობით დასახიჩრდა. მესმის მათი, რომ ტყურნირის ჩატარებას ცდილობენ და მადლობელი ვარ ამისთვის. ახლახანს გავიგეთ, რომ მადრიდის ტურნირი წელს აღარ გაიმართება. აშშ-ის საჩოგბურთო ასოციაციას და აშშ-ის ღიას ორგანიზატორებს ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ, რადგან ყველაფერს აკეთებენ ტურნირის ჩასატარებლად. ამ გადაწყვეტილების მიღებას არასდროს ვისურვებდი, მაგრამ იძულებული ვარ, ჩემს გულისთქმას ვუსმინო და ტურნირზე არ გავემგზავრო“, - დასძენს ნადალი.

მოსალოდნელია, რომ 34 წლის ნადალი სექტემბერში საფრანგეთის ღია პირველობაზე ითამაშებს, რომელიც 12-ჯერ აქვს მოგებული.

0.105809