კატალონიის „ბარსელონა“ ანსუ ფატისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. Marca-ს ცნობით, „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობას 17 წლის ნიჭიერი ფეხბურთელის შენარჩუნება დიდი ხნით გადაწყვეტილი აქვს და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც დაიწყო.
„ბარსელონას“ სურვილია, რომ ფატის განახლებულ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის ოდენობად 400 მილიონი ევრო ჩაწეროს, რაც ფეხბურთელის კლუბიდან წასვლის შესაძლებლობას მინიმუმამდე შეამცირებს.
ფატის მოქმედი ხელშეკრულება ძალაში 2022 წლამდეა, თუმცა უცნობია როდემდე აპირებს კატალონური გრანდი მასთან თანამშრომლობას.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში ანსუ ფატიმ ყველა ტურნირის ჩათვლით 32 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 8 გოლის გატანა შეძლო.