მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლოა ანტონიო კონტე მასიმილიანო ალეგრიმ შეცვალოს.
Sport Mediaset-ის ინფორმაციით, კონტეს კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს და სამსახურის დატოვებას აპირებს. იტალიელმა ორი დღის წინ პრესკონფერენციაზე საჯაროდ ისაუბრა, რომ ის გუნდის ბოსების მხრიდან მხარდაჭერას ვერ გრძნობს და „ინტერს“ მომავლის პროექტი არ გააჩნია.
ალეგრი კი უკვე ერთი წელია უმუშევარია და არაერთხელ განაცხადა, რომ სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნებას აპირებს. აღსანიშნავია, რომ მას „ნერაძურის“ გენერალურ დირექტორ ჯუზეპე მაროტასთან კარგი ურთიერთობა აქვს.
აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ ალეგრიმ კონტე ერთხელ უკვე შეცვალა. კერძოდ 2014 წლის ზაფხულში „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი მასიმილიანომ ანტონიოსგან გადაიბარა.