ფეხბურთი

1:16 | 2.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

დამარცხებული ჩემპიონი და არაჩვეულებრივი "მილანი"

იტალიის სერია A-ს 38-ე ტურში „იუვენტუსმა“ კიდევ ერთხელ წააგო, ზედიზედ მეორედ და სეზონში მეშვიდედ. ასეთი ცუდი შედეგი ტურინულ გრანდს არცერთ საჩემპიონო სეზონში არ ჰქონია ბოლო 9 წელიწადში.

„იუვე“ „რომას“ დაუხვდა გადახალისებული შემადგენლობით და თავიდან კი უგებდა, მაგრამ სტუმრებთან ვერაფერი გააწყო და მარცხი განიცადა - 1:3. ასეა თუ ისე, „იუვენტუსი“ ჩემპიონი მაინც გახდა, მაგრამ მაურიციო სარის გუნდის მიმართ კრიტიკა დღითიდღე იზრდება და ვინძლო „ლიონთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩი იტალიელი სპეციალისტისთვის საბედისწეროც გამოდგეს. სხვათა შორის, "იუვეს" არც ყველაზე მეტი გოლი გაუტანია და არც ყველაზე ცოტა გოლი გაუშვია, 2004 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ჩემპიონი არცერთ ხსენებულ ჩამონათვალში საუკეთესო არ ყოფილა. ბოლოს 2004 წელს, "მილანმა" სკუდეტო ისე მოიგო, რომ არც შეტევაში ყოფილა საუკეთესო და არც დაცვაში (სტატისტიკურად). „რომას“ რაც შეეხება, დედაქალაქურმა გუნდმა მიზანი ვერ შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდა. სამაგიეროდ, მეხუთე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

„მილანი“ პანდემიის შემდეგ გარდაიქმნა და სეზონის რესტარტიდან იტალიაში ცალსახად საუკეთესო იყო. „როსონერიმ“ სეზონის ბოლო თამაშიც დიდებულად ჩაატარა და სარდინიული „კალიარი“ 3:0 დაამარცხა. იმის მიუხედავად, რომ შავ-წითლები ბოლო დროს მართლაც ბრწყინავდნენ, მხოლოდ მე-6 ადგილს შესწვდნენ. თუმცა, ცალსახაა, რომ სტეფანო პიოლის გუნდის ფანტასტიკური ათამაშება სამომავლო იმედს ქმნის და ვნახოთ, როგორი იქნება ახალ სეზონში ახალი „მილანი“.

მეორე ადგილზე „ინტერი“ გავიდა, რომელმაც უშუალო კონკურენტ „ატალანტას“ ძალიან ადვილად პირველივე ტაიმში გატანილი გოლებით 2:0 მოუგო. ანტონიო კონტეს გუნდი „იუვეს“ ერთადერთი ქულით ჩამორჩა და რომ არა განიავებული ქულები, შეიძლება ნანატრი სკუდეტოც მოეგო. არ დავივიწყოთ ისიც, რომ „ნერაძურიმ“ სეზონში ტურინულ გრანდთან ორჯერ წააგო და ახლა უკან რომ გავიხედოთ, ალბათ ეს გამოდგა გადამწყვეტი.

მესამე-მეოთხე ადგილები „ლაციომ“ და „ატალანტამ“ გაინაწილეს. ბერგამოელები რომაელებს ურთიერთშეხვედრებში აჯობეს და ამიტომაც, სეზონი საპრიზო სამეულში დახურეს. „ლაციომ“ კი ნეაპოლში „ნაპოლისთან“ 1:3 წააგო. ჩირო იმობილემ ისევ გაიტანა - სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა, „ოქროს ბუცი“ მოიგო და გონსალო იგუაინის 4 წლის წინანდელ სეზონში დამყარებული რეკორდი გაიმეორა - 36 გოლი სერია A-ს ერთ სეზონში.

38-ე ტური და მთლიანად 2019-2020 წლების სეზონი 2 აგვისტოს დაიხურება. დარჩენილი მატჩები მხოლოდ იმას გაარკვევს, ვინ გავარდება სერია B-ში: „ჯენოა“ თუ „ლეჩე“...

„ბრეშა“ – „სამპდორია“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ლერისი (41), 1:1 ტორეგროზა (49)

„მილანი“ – „კალიარი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 კლავანი (10, ა.გ), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (55), 3:0 კასტილიეხო (57)

„ატალანტა“ – „ინტერი“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 დ’ამბოზიო (1), 0:2 იანგი (20)

„იუვენტუსი“ – „რომა“ 1:3 (1:2)

გოლები: 1:0 იგუაინი (5), 1:1 კალინიჩი (23), 1:2 პეროტი (44, პენ), 1:3 პეროტი (52)

„ნაპოლი“ – „ლაციო“ 3:1 (1:1)

გოლები: 1:0 ფაბიან რუისი (9), 1:1 იმობილე (22), 2:1 ინსინიე (54, პენ), 3:1 პოლიტანო (90)

თეგებისერია A
0.330731