ფეხბურთი

16:51 | 27.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ზეიმი ტურინში

ზოგს კი ეგონა, “იუვენტუსს“ და მის მრავალრიცხოვან ტიფოზერიას იტალიის ჩემპიონატში პირველობა მოსწყინდებოდათ და გენუელებთან მათი გუშინდელი საჩემპიონო გამარჯვებაც ვერ იქნებოდა ისეთი კაშკაშა, როგორიც უწინ. მაგრამ, ავყიანი მწარედ შეცდნენ, რადგან გუშინ პიემონტის მთავარ ქალაქში ჭეშმარიტად საჩემპონო ზეიმი იყო და ამ ზეიმს სათავე ფეხბურთელებმა ჯერ კიდევ სტადიონის გასახდელში გაჩაღებული ცეკვა-თამაშით დაუდეს.

წარმოდგენილ ვიდეოკადრებზეც ნათლად ჩანს “იუვეს“ გასახდელში არსებული საზეიმო განწყობა და თუკი ვინმე ტურინელ მობურთალებს სიმღერის ნიჭს (ობიექტურად) დაუწუნებს, რთულია მათ მთელი წლის მანძილზე დაღვრილი ოფლი და გარჯა არ დაუფასონ. მეტადრე მას შემდეგ, რაც ყბადაღებულმა კორონა-პანდემიამ არამხოლოდ “ზებრების“ გაჩემპიონება, ზოგადად ევროპული ფეხბურთის მომავალიც კი დააყენა კითხვისქვეშ.

როგორც უკვე ვთქვით, დიდი ზეიმი იყო ტურინის ქუჩებშიც, რომელმაც (იტალიის სხვა ქალაქების კვალად) ამ გაზაფხულზე კარანტინის თანმხლები ყველა შეზღუდვა გადაიტანა და მიუხედავად ექიმ-მკურნალთა მოწოდებებისა, ტიფოზები მთელი ღამის მანძილზე დროშებითა და შეძახილებით ქუჩებში დარბოდნენ.

ხოლო რამდენი ლიტრი იტალიური ღვინო და ცეცხლოვანი გრაპა დაილია - ამის თვლას არც აზრი აქვს და არც შინაარსი....

https://www.youtube.com/watch?v=ZLMjzs2orIo

თეგებიიუვენტუსი
0.122965