ფეხბურთი

22:25 | 5.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

"მერანმა" "დინამო არენადან" ქულა წაიღო
გოგიჩაიშვილის გუნდი ფრეს შეეჩვია

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის ბოლო მატჩში "დინამო არენაზე" გაიმართა. ბევრისთვის მოულოდნელად მარტვილის "მერანმა" "დინამოს" მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, მატჩის მოგებაც შეეძლო, თუმცა საბოლოოდ თბილისიდან ქულა წაიღო.

მატჩის პირველ ტაიმში დინამოელები სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მეტი აგრესიულობა მართებდათ. პირველივე წუთზე გიორგი მჭედლიშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა მის დარტყმულს ზურაბ მამალაძე მთლიანი კორპუსით გადაეფარა.

25-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძემ საჯარიმოში ჩააწოდა, მეორე სართულზე ბრძოლა დავით ციცხვაიამ მოიგო, მისი დარტყმული კი მიგინეიშვილის კარის მარცხენა კუთხეს მცირედით აცდა. პირველ ტაიმში მარტვილელთაგან ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ციცხვაიას ეპიზოდი გახლდათ.

დინამოელები დროის უმეტეს ნაწილს მეტოქის ნახევარზე ატარებდნენ. ტაიმის შუაწელს ჯერ საბანაძეს, ხოლო შემდეგ პაპავას გოლის გატანის შანსი ჰქონდათ, თუმცა მარტვილელები დაცვაში ყოჩაღობდნენ. შესვენებამდე რამდენიმე წამით ადრე ნიკა საბანაძემ გიორგი ჩირგაძეს საჯარიმოში ბურთი თავით დაუგდო, ხოლო ამ უკანასკნელმა ვაჟა ლომაშვილი ხელით მოქაჩა, მცველს წონასწორობა დააკარგვინა და ბურთი მეტოქის კარში გადააგზავნა. მთავარმა მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა და პირველი ტაიმის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა.

შესვენების შემდეგ "მერანი" მოედანს უფრო აქტიური დაუბრუნდა და თანაბარი ორთაბრძოლა წარიმართა. მეორე ტაიმის საწყის პერიოდში კიკნაველიძემ მარცხენა ფლანგიდან ექსდინამოელ ბესიკ ჩიმაკაძეს მეორე სართულზე ზუსტი პასი მისცა, თუმცა ყოფილი გუნდის დამწუხრება "მერანის" მე-18 ნომერმა ვერ შეძლო.

54-ე წუთზე საბანაძემ მეტოქის საჯარიმოში ლომაშვილს სწრაფი მოძრაობით გაცდა და ცენტრიდან მისი დარტყმული მიზანს აცდა. 67-ე წუთზე მარტვილელებმა გოლი გაიტანეს, მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთმა მიგინეიშვილის ბადე კი შეარხია, თუმცა ლომაშვილი კორპუსის მცირე ნაწილით თამაშგარე მდგომარეობაში გახლდათ და გვერდითმა არბიტრმაც თამაშგარე დააფიქსირა. ორიოდე წუთში "დინამოს" საჯარიმოში აკაკი შულაიას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და დამატებაზე ჩიმაკაძემ იყოჩაღა, თუმცა მცველები მის დარტყმულს გადაეღობნენ.

მატჩის 75-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა. "მერანის" საჯარიმოდან გიორგი პაპავას მიერ ჩაწოდებული ბურთი მარტვილელმა კიჭი მელიავამ ხელით გამოიტანა. თერთმეტმეტრიანი ირაკლი ძარიამ არაზუსტად შეასრულა, მისი დარტყმული ბურთი მამალაძის კარის მარცხენა ზედა ძელს მოხვდა. "დინამომ" პენალტის სახით საჩუქარი ვერ გამოიყენა და მატჩი საბოლოოდ ფრედ 0:0 დასრულდა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ორივე გუნდის თავკაცმა განაცხადა, რომ მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილებები მიიღეს.

კახი გოგიჩაიშვილი: "რთული თამაში გამოგვივიდა. მოსაგებად გავედით, თუმცა ეს ვერ შევძელით. პირველ ტაიმში ჩირგაძე მეტოქესთან ორთაბრძოლაში იყო და ვფიქრობ მსაჯს გოლი უნდა ჩაეთვალა."

შალვა ღონღაძე: " მაყურებელმა დღეს სანახაობრივი შეხვედრა იხილა. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ. რაც შეეხება მეორე ნახევარს, თანაბარი ორთაბრძოლა იყო, გოლიც გავიტანეთ, მაგრამ მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო."

ამრიგად "მერანმა" "დინამო არენადან" სახლში ღირსეული ქულა წაიღო. მარტვილელებს მერვე ტურის თავზე რვა ქულა დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე არიან. რაც შეეხება "დინამოს", თბილისელებმა ეროვნულ ჩემპიონატში ლიდერობა კვლავ შეინარჩუნეს. დინამოელები მეორე ადგილზე 16 ქულით მყოფ "სამტრედიას" მხოლოდ ქულით უსწრებენ. მომდევნო ტურში 18 ოქტომბერს "დინამო" მცხეთაში "ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდება, ხოლო "მერანი" ურთიერთობას ბოლნისის "სიონთან" გაარკვევს.

დინამო (თბილისი) - მერანი (მარტვილი) 0:0

5 ოქტომბერი. თბილისი. "დინამო არენა"

დინამო: მიგინეიშვილი, კაკაბაძე (ჩისკო 70), თოთაძე, ჭანტურია, მჭედლიშვილი (შერგელაშვილი 77), ცინცაძე, პაპუნაშვილი, საბანაძე (ლობჟანიძე 79), პაპავა, ჩირგაძე, ძარია.

მთავარი მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი

მერანი: მამალაძე, ლომაშვილი, მელიავა, შულაია, ორბელაძე, კიკნაველიძე, ბოლქვაძე, წყაროზია (ჯღამაია 63), ჩიმაკიძე (წურწუმია 89), ციცხვაია (ფონიავა 46), გეგეჭკორი.

მთავარი მწვრთნელი: შალვა ღონღაძე

75-ე წუთზე ირაკლი ძარიამ პენალტი ვერ გამოიყენა

გაფრთხილება: ნიკა ჭანტურია (47), დავით ბოლქვაძე (82).

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია


1.დინამო (თბილისი)852114:617
2.სამტრედია851210:616
3.დილა842212:414
4.სპარტაკი84227:714
5.ტორპედო83418:513
6.ჩიხურა84139:813
7.მეტალურგი833210:812
8.ვიტ-ჯორჯია83149:810
9.დინამო (ბათუმი)83148:1010
10.გურია82427:1310
11.ზესტაფონი823316:119
12.მერანი82246:88
13.სიონი82249:138
14.კოლხეთი82247:118
15.შუქურა81435:127
16.ზუგდიდი80444:114

მეგოლეები:

5 -ირაკლი მოდებაძე (დილა)

4-შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია (მეტალურგი)

2 - ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, გიორგი ჩირგაძე (დინამო), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), საბა ლომია, გიგა ჟვანია, კობა შალამბერიძე (გურია), გიგა ამბროლაძე, დათა სიჭინავა (კოლხეთი), თეიმურაზ ღონღაძე, ჯაბა ჯიღაური (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, გიორგი ფანცულაია (ზესტაფონი), გივი კვარაცხელია, ჯაბა უგულავა (სიონი), გიორგი ივანიშვილი (სპარტაკი),დათა ციცხვაია (მერანი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.160261