ტოკიოში მიმდინარე ივლისის ბაშოზე ბოლო დროს ლევან გორგაძე საოცარ ფორმაში შევიდა. ქართველმა სუმოისტმა მე-6 საშეჯიბრო დღეს ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინი მე-14 მარგაშირა კოტოშოგიკუს დაუპირისპირდა და მეტოქე უვატენაგეს ილეთით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეხვედრის დაწყება წყვილს რამდენჯერმე მოუწია. მეორე ჯერზე ტოჩიმ 36 წლის სუმოისტი მაცდური ილეთით დაამარცხა, თუმცა, ბრძოლა კვლავ ახლიდან შედგა. ჩვენებურმა კოტოშოგიკუს მაინც არაფერი დაუთმო და გამარჯვება თვითონ მოიპოვა.
გორგაძესთვის კოტოშოგიკუ კარგად ნაცნობი მეტოქეა, რადგან დღევანდელი დაპირისპირება მათთვის 36-ე იყო, რომელთაგანაც ქართველმა 11 მოიგო, 25-ჯერ კი დამარცხდა.
ამრიგად, ლევანს 4 მოგების საპირისპიროდ 2 მარცხი აქვს და ამ გადმოსახედიდან დადებითი ბალანსის განაღდება არ უნდა გაუჭირდეს, ამისთვის კი დარჩენილი 9 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 4 უნდა მოიგოს. ტოჩის მომავალი მეტოქე კი მე-16 მაეგაშირა კოტოეკო იქნება, რომელსაც აქამდე არასდროს შეხვედრია.