ისტორია

9:42 | 24.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

24 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2013. “ატლეტიკო მინეიროსთან” ერთად კოპა ლიბერტადორესის მოგების შემდეგ, რონალდინიო მოპოვებული ტიტულების მიხედვით რეკორდსმენი გახდა. 33 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი პირველია, ვისაც ეროვნულ ნაკრებში მსოფლიოს და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატები მოუგია, კონფედერაციათა თასს დაუფლებია, ხოლო საკლუბო დონეზე ჩემპიონთა ლიგაში და კოპა ლიბერტადორესში გაუმარჯვია, თან “ოქროს ბურთს” დაუფლებია, ორჯერ კი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1893. აშშ-ის ჩოგბურთის ისტორიაში, ქვეყნის ჩემპიონატი პირველად და უკანასკნელად ჩატარდა სახელმწიფოს აღმოსავლეთ ნაწილში (ჩიკაგო).

1908. ინგლისელმა მძლეოსანმა ჯონ ჰეიესმა თანამედროვეობის მეოთხე ოლიმპიურ თამაშებზე, მარათონული გარბენი მსოფლიოს რეკორდით მოიგო (2:55,18).

1931. ფინელმა სტაიერმა პაავო ნურმიმ 2 მილზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (8:59,6).

1937. თბილისის “დინამომ” პირველი საერთაშორისო შეხვედრა გამართა. საქართველოს დედაქალაქში, მას ბასკეთის (ესპანეთის პროვინცია) ნაკრებმა 2:0 მოუგო. “დინამო”: დოროხოვი, შავგულიძე, ჭუმბურიძე, ჯორბენაძე, მინაევი, გაგუა, გავაშელი, მ. ბერძენიშვილი, პაიჭაძე, ლოლაძე, ასლამაზოვი.

1937. პირველი საფეხბურთო რადიორეპორტაჟი საქართველოში.

1952. პოლონელმა მძლეოსანმა ემილ ზატოპეკმა 5 კმ-ზე სირბილში ჰელსინკის თამაშების ოქროს მედალი მოიპოვა და ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა (14:06,6).

1960. თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ჰოლანდიის ქალაქ როტერდამის “ფეიენოორდს” 3:1 მოუგო. დინამოელთაგან ორი გოლი ზაურ კალოევმა გაიტანა, ერთი ბურთი კი, ჰოლანდიელებმა საკუთარ კაში შეაგდეს. თამაში თბილისში ჩატარდა. “დინამო”: კოტრიკაძე (კვაჭაძე), ბ. სიჭინავა, ჩოხელი, ჭრელაშვილი, დათუნაშვილი, იამანიძე, მელაშვილი, ლევან ჟორდანია, კალოევი, ღოღობერიძე, გრამატიკუპულო (კურტანიძე).

1966. ფორმულა-1-ის ზანდვურტის (ჰოლანდია) გრან-პრი ჯეკ ბრებემმა (“ბრებემი”) მოიგო. მეორეზე გრემ ჰილი (BRM) გავიდა, მესამეზე კი, ჯიმ კლარკი (“ლოტუსი”).

1969. ამერიკულმა მართლმსაჯულებამ არმიაში სამსახურზე უარის თქმის გამო, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი მუჰამედ ალი, დამნაშავედ სცნო.

1970. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 9 ქულიანი ტაი-ბრეიკის წესი შემოიღო. 8:8 ანგარიშის შემთხვევაში, ამიერიდან შემოკლებული გეიმი უნდა გათამაშებულიყო.

1983. ჩოგბურთში ფედერაციის თასის 21-ე გათამაშების ფინალში, ჩეხოსლოვაკიის გუნდმა გფრ-ის ნაკრები 2:1 დაამარცხა. მატჩი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდა.

1983. ფრანგმა ველოსიპედისტმა ლორან ფინიონმა “ტურ დე ფრანსი” მოიგო.

1984. რამაზ შენგელიამ საკავშირო პირველობების უმაღლეს ლიგაში თბილისის “დინამოს” 2000-ე გოლი გაიტანა. საიუბილეო ბურთი შენგელიამ თბილისში, ვილნიუსის “ჟალგირისის” კარში გაიტანა.

1988. ფორმულა-1-ის ჰოკენჰაიმის (გერმანია) გრან-პრი ბრაზილიელმა აირტონ სენამ (“მაკლარენი”) მოიგო. მეორეზე ალენ პროსტი (“მაკლარენი”) გავიდა. მესამეზე კი, _ გერჰარდ ბერგერი (“ფერარი”).

1990. აშშ-ის ქალაქ სიეტლში მიმდინარე კეთილი ნების თამაშებზე, რუსმა მძლეოსანმა ნადეჟდა რიაშკინამ 10 კმ-ზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (41:56,23).

1993. ჯული ჰემსლი პირველი ქალბატონი გახდა, რომელიც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის საბჭოში აირჩიეს.

1994. ესპანელმა ველოსიპედისტმა მიგელ ინდურაინმა “ტურ დე ფრანსი” მოიგო.

1994. ჩოგბურთში ფედერაციის თასის 32-ე გათამაშების ფინალში, ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა აშშ-ის ნაკრები 3:0 დაამარცხა. მატჩი გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტში ჩატარდა.

2000. პორტუგალიელი ნახევარმცველი ლუიშ ფიგუ “ბარსელონადან” მადრიდის “რეალში” გადავიდა.

2005. ლეგენდარულმა ამერიკელმა ველოსიპედისტმა, ლენს არმსტრონგმა მეშვიდედ მოიგო პლანეტის ყველაზე პრესტიჟული ველორბოლა “ტურ დე ფრანსი” და კარიერის დასრულებაზე განცხადება გააკეთა.

2005. ფეხბურთში კონკაკაფის თასის გათამაშების ფინალში, აშშ-ის ნაკრებმა მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში პანამას 3:1 მოუგო. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა.

2005. ფორმულა-1-ის გერმანიის გრანპრი ესპანელმა ფერნანდო ალონსომ მოიგო. მეორე და მესამე ადგილებზე შესაბამისად, ხუან პაბლო მონტოია და ჯენსონ ბატონი გავიდნენ.

2007. “ტურ დე ფრანსის” ხელმძღვანელობამ ყაზახეთის “ასტანა” ველორბოლიდან მოკვეთა და დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ამის მიზეზი ასტანელთა წევრის ვალერი ვინოკუროვის სისხლში აკრძალული პრეპარატის კვალის აღმოჩენა გახლდათ.

2011. არგენტინაში მიმდინარე კოპა ამერიკას ფინალში ურუგვაიმ პარაგვაის 3:0 მოუგო და სარეკორდოდ, მეთხუთმეტედ გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. ფინალი ბუენოს აირესის “ესტადიო მონუმენტალზე” ჩატარდა, მას 57 921 მაყურებელი დაესწრო, გოლები კი ლუის სუარესმა და დიეგო ფორლანმა (2) გაიტანეს.

2013. “ატლეტიკო მინეიროსთან” ერთად კოპა ლიბერტადორესის მოგების შემდეგ, რონალდინიო მოპოვებული ტიტულების მიხედვით რეკორდსმენი გახდა. 33 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი პირველია, ვისაც ეროვნულ ნაკრებში მსოფლიოს და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატები მოუგია, კონფედერაციათა თასს დაუფლებია, ხოლო საკლუბო დონეზე ჩემპიონთა ლიგაში და კოპა ლიბერტადორესში გაუმარჯვია, თან “ოქროს ბურთს” დაუფლებია, ორჯერ კი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარა.

ამ დღეს დაიბადნენ

1917. სიმონ სლატვიკი. ნორვეგიელი ტრამპლინიდან მხტომელი. 1952 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.

1926. ჰანს-გიუნტერ ვინკლერი. გერმანელი ცხენოსანი. 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1939. ვალტერ ბელამი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი. “დიდების დარბაზის” წევრი. 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. ბელამი NBA-ის იმ შვიდ მოთამაშეს შორისაა, რომელთაც 20 ათასზე მეტი ქულა და 14 ათასზე მეტი შედეგიანი გადაცემა აქვთ გაკეთებული.

1943. ლუდმილა ბრაგინა. რუსი მძლეოსანი. მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიადაზე, 1500 მეტრ დისტანციაზე რბენაში დაამყარა უნიკალური მიღწევა. იგი სამჯერ გავიდა სტარტზე (წინასწარი, ნახევარფინალური და ფინალური) და სამივეჯერ მსოფლიოს სარეკორდო დრო აჩვენა. ფინალი კი, მან 54,95 წამის შედეგით მოიგო.

1955. ლუბოვ ოდინოკოვა. საბჭოთა ხელბურთელი. ქალთა შორის 1976 და 1980 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1958. ჯეიმს (ჯიმი) ლეიტონი. შოტლანდიის ნაკრებისა და “აბერდინის” მეკარე. მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილე. შოტლანდიის ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი. 1983 წელს მოიგო თასების თასი და ევროპის სუპერთასი. შოტლანდიის ორგზის ჩემპიონი.

1959 ედვარდ ლიდი. დიდი ბრიტანელი ძიუდოისტი. 1984 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი.

1960. ვიაჩესლავ ბიკოვი. ჰოკეიში 1988 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.

1963. კარლ მელოუნი. ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი. ამპლუით ფორვარდი (206 სმ).

1992 და 1996 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეთა შორის შედეგიანობით უკავია მეორე ადგილი (36 928 ქულა). 19 სეზონი გამოდიოდა “იუტა ჯაზში”, ერთი სეზონი კი, “ლოს ანჯელეს ლეიკერსში” გაატარა. 1997 და 1999 წლებში დაასახელეს NBA-ის საუკეთესო მოთამაშედ. ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” 13 მატჩის მონაწილე.

1965. ენდრიუ გეიზი. ავსტრალიის საკალათბურთო ნაკრების წევრი. მონაწილეობა მიღებული აქვს ოთხ ოლიმპიურ თამაშებში (1984, 1988, 1992, 1996).

1966. მარტინ კიუონი. ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” მცველი. ინგლისის სამგზის ჩემპიონი. ინგლისის თასისა და სუპერთასის მფლობელი. მსოფლიოს 1998 და 2002 წლების ჩემპიონატებზე იყო ინგლისის ნაკრების განაცხდში.

1971. დინო ბაჯო. იტალიის ნაკრების, “ტორინოს”, “ინტერის”, “იუვენტუსის”, “პარმას”, “ლაციოს” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 60 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. “იუვენტუსისა” და “პარმას” რიგებში მოგებული აქვს უეფას თასი, “ლაციოს” შემადგენლობაში – თასების თასი. რომაელებთან ერთად 1998 და 2000 წლებში იტალიის თასი მოიგო, 1995 და 1999 წლებში კი სერია A-ში მეორე ადგილი დაიკავა. “ლაციოს” რიგებში 1999 წელს დაეუფლა ევროპის სუპერთასს.

1976. ანიტა ნელი. ამერიკელი მოცურავე. გულაღმა ცურვაში 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1976. რეფერ ელსტონი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ტორონტო რეპტორზის” გამთამაშებელი (188 სმ).

1976. ალექსეი სელივესტროვი. რუსი ბობსლეისტი. ლეიკ-პლესიდისა და სიგულდას (ლატვია) ტრასების რეკორდსმენი. მსოფლიოსა და ევროპის პირველობების პრიზიორი.

1977. არნოლდ ბრუგინკი. ჰოლანდიის ნაკრების, “ტვენტესა” და პსვ-ის ფეხბურთელი. ჰოლანდიის სამგზის ჩემპიონი. ჰოლანდიის ნაკრებში ჩატარებული აქვს ორი მატჩი.

1979. რაიან ჰემფრი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ტორონტო რეპტორზის” ფორვარდი (203 სმ).

ამ დღეს გარდაიცვალა

1994. ვანგილა ნაპუნი. 1988 წლის სეულის ოლიმპიადის ჩემპიონი კრივში. გარდაიცვალა 26 წლის ასაკში.

0.123964