ფეხბურთი

0:49 | 24.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

უხასიათო და უფერული "იუვე": სკუდეტო მომდევნო ტურისთვის გადაიდო

იტალიის სერია A-ს ინტრიგა 35-ე ტურის შემდეგაც შეუნარჩუნდა. „იუვენტუსმა“ ვერ გამოიყენა შანსი, რომ პირველივე ჯერზე სკუდეტო გაეფორმებინა და ახლა შემდეგ ტურში მოუწევს მიზნისთვის ბრძოლა.

ზოგადად მაურიციო სარის გუნდი კატასტროფულად ირჯება. ბოლო 5 მატჩში შესაძლო 15 ქულით მხოლოდ 5 მოიპოვა (1 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება). „იუვე“ ყოველთვის სახელგანთქმული იყო დაცვაში გამართული თამაშით და წეს რა ხდება? 38 გაშვებული გოლი, რაც ბოლო 9 წელიწადში უარესი მაჩვენებელია. ტურინელებმს უკანასკნელ 7 თამაშში კარი მშრალად არ შეუნახიათ. მიმდინარე სეზონში 18 ქულა დაკარგეს ისეთ მატჩებში, რომელშიც იგებდნენ.

ახლაც ასე იყო „უდინეზესთან“. 42-ე წუთზე მატიას დე ლიხტმა შორი მანძილიდან გაისროლა. ნიდერლანდელი ტოპ ჩემპიონატებში ყველაზე ახალგაზრდა მცველია, რომელსაც სეზონში 4 გოლი დაუგროვდა. სხვათა შორის „იუვეში“ მასზე მეტი მხოლოდ რონალდუს, დიბალას და იგუაინს აქვთ გატანილი. დე ლიხტის გოლი „იუვენტუსს“ არაფერში წაადგა, ხოლო ერთი ტაიმის მოსაგებად ეყო.

მეორე ნახევარში ნესტოროვსკიმ და ფოფანამ უდინელებს გამარჯვება მოუტანეს. „ბებერ ქალბატონს“ ბოლო ტურებში ხშირად უქამბექებენ. ჯერ „მილანთან“ 2:0-დან 2:4 წააგეს, მერე „სასუოლოსთან“ 2:0-ს იგებდნენ, 2:3-ს აგებდნენ და ქულა ძლივს გადაარჩინეს და ახლა ეს - ფიასკო უდინეში.

მიუხედავად საშინელი პერიოდისა, „იუვენტუსის“ ხელშია ყველაფერი. ტურინული გრანდი უახლოეს მდევარ „ატალანტას“ 6 ქულით უსწრებს, ამასთან ურთიერთშეხვედრებშიც სჯაბნის, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 ტურში 3 ქულაც ჰყოფნისთვის სკუდეტოსთვის. ვნახოთ, არაფერია გამორიცხული იმდენად უფერულ და უღიმღალო „იუვენტუსს“ ვხედავთ, მომდევნო გამოცდა 26 ივლისს „სამპდორიასთან“ იქნება.

„უდინეზე“ – „იუვენტუსი“ 2:1 (0:1)

უდინე, „ფრიული“

უმაყურებლოდ

„უდინეზე“ (3-5-2): მუსო; ტროსტ-ეკონგი, ბეკაო, ნიუტნიკი; ტერ ავესტი, დე პაული, ფოფანა, სემა, ზეგელაარი; ნესტოროვსკი, ოკაკა ჩუკა

მწვრთნელი: ლუკა გოტი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დანილო (კუადრადო 75), დე ლიხტი, რუგანი, ალექს სანდრო; რემზი (მატუიდი 59), ბენტანკური, რაბიო; ბერნარდესკი (დუგლას კოშტა 60), დიბალა, რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 დე ლიხტი (42), 1:1 ნესტოროვსკი (52), 2:1 ფოფანა (90)

გაფრთხილება: ტროსტ-ეკონგი (20), ზეგელაარი (68) - რემზი (1), კუადრადო (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 14 (6) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

თეგებისერია A
0.113206