ბრძოლა, რომელსაც კრივის მოყვარული 17 წლის წინათ მოუთმენლად ელოდა და რომელიც არ შედგა, მაინც გაიმართება - რინგზე ერთმანეთს წარსულის ორი ლეგენდა, მაიკ ტაისონი და როი ჯონს უმცროსი დაუპირისპირდება. მხარეები პრაქტიკულად შეთანხმებულები არიან იმაზე, რომ მუშტიკრივი შეერთებულ შტატებში, სექტემბერში გამართონ.
რა თქმა უნდა, 50 წელს გადაცილებული მოკრივეები ახლა იმ ფორმაში ვერ იქნებიან, რომ მაყურებელს ასიამოვნონ. მაგრამ სასეიროდ ისიც საკმარისია, რომ ყურის მკვნეტელი მაიკი შეუდარებელ ჯონსს დაუპირისპირდება.
17 წლის წინათ, ტაისონი თავისი თავის აჩრდილიღა იყო, ჯონსი ერთდროულად რამდენიმე წონაში ბრწყინავდა. საშუალო წონის ჯონსი ბრძოლით ავიდა მწვერვალზე და ზემძიმე წონაში ჯო რუისის დამარცხებით, ჩემპიონი გახდა. ეს ნამდვილი სენსაცია იყო.
მოხერხებულმა პრომოუტერებმა ორი ლეგენდის შეხვედრა ჩაიფიქრეს. ჯონსს მის კარიერაში ყველაზე დიდი თანხა - 40 მილიონი დოლარი შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა. მერე კი ამბობდა, მე კი არა, ტაისონმა თქვა უარიო, რადგან მართლმსაჯულებასთან ჰქონდა პრობლემები და კრივისთვის არ ეცალაო. ფაქტია, რომ ბრძოლა არ შედგა.
„მაიკი ლეგენდაა. როცა მისგან შეხვედრის შეთავაზებას ღებულობ, უარის თქმა სიგიჟე იქნება. რინგზე დაბრუნებაზე არც ვფიქრობდი, მაგრამ მაიკ ტაისონის გამო, გამონაკლისს დავუშვებ. ჩემთვის ეს არის შესაძლებლობა, რომლის უარყოფაც არ შემიძლია. მასთან ბრძოლა ბევრს სურს, მაგრამ მან მე ამირჩია. და რადგან ასე მოიქცა, მე არას ვერ ვეტყვი“, - ამბობს ჯონსი, ვინც მსოფლიოში არის პირველი მოკრივე, რომელიც ჯერ საშუალო წონაში (72.5 კგ) გახდა ჩემპიონი, რასაც მძიმეში (შეუზღუდავი) გამარჯვებაც მოაყოლა. და იმავდროულად, ზესაშუალო (76 კგ), ქვემძიმე (79 კგ) და კრეისერის (91 კგ) წონებში დომინირებდა. ამასთან, ის არის სეულის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი.
ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა ბრძოლის სტატუსი - იქნება ის პროფესიონლური, თუ საჩვენებელი. არაოფიციალური ინფორმაციით, ტაისონის და ჯონსის ბრძოლა 8 რაუნდს გასტანს. ფაქტია, რომ ორივეს კარიერა დასრულებული აქვს. ტაისონმა ხელთათმანები ლურსმანზე 2005 წელს დაკიდა, ჯონსი კი რინგიდან 2018 წელს ჩამოვიდა.







