ფეხბურთი

10:51 | 21.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს რეკორდების წვიმა

იტალიის სერია A-ს XXXIV ტურში „იუვენტუსმა“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლით „ლაციო“ 2:1 დაამარცხა და სკუდეტო პრაქტიკულად გაინაღდა. მატჩი რონალდუსთვისაც მეტად წარმატებული გამოდგა, რადგან გარდა დუბლისა, არაერთი რეკორდისა თუ მიღწევის ავტორი გახდა.

50 - კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 50-ზე მეტი გოლი გაიტანა ინგლისის პრემიერლიგაში (84), ესპანეთის ლა ლიგასა (311) და იტალიის სერია A-ში (51).

61 - კრიშტიანუმ ხსენებული 51 გოლის გატანას 61 თამაში მოანდომა. 1994-1995 წლების სეზონიდან მოყოლებული სერია A-ში მინიმუმ 50 გოლი ამაზე სწრაფად არავის გაუტანია:

კრიშტიანუ რონალდუ - 61 თამაში (50 გოლისთვის)

ანდრეი შევჩენკო - 68 თამაში (50 გოლისთვის)

რონალდო - 70 თამაში (50 გოლისთვის)

დიეგო მილიტო - 78 თამაში (50 გოლისთვის)

დავიდ ტრეზეგე - 78 თამაში (50 გოლისთვის)

3 - კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსის“ ისტორიში მესამე ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ს ერთ სეზონში მინიმუმ 30 გოლი გაიტანა. მანამდე ამის გაკეთება მხოლოდ ფელიჩე ბორელმა (1933-1934 წლები, 31 გოლი) და ჯონ ჰანსენმა (1951-1952 წლები, 30 გოლი) მოახერხეს. როგორც ხედავთ, პორტუგალიელს ბორელის შედეგიანობის გაუმჯობესების კარგი შანსი აქვს.

4 - რონალდუ ბოლო 60 წელიწადში მხოლოდ მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ს ერთ სეზონში 30-გოლიან ზღვარს უწია. მანამდე იგივე ლუკა ტონიმ (2005-2006 წლები, 31 გოლი), გონსალო იგუაინმა (2015-2016 წლები, 36 გოლი) და მიმდინარე სეზონში ჩირო იმობილემ (30 გოლი) შეძლეს.

და ბოლოს, გეტყვით, რომ ბომბარდირთა დავაში კრიშტიანუ და იმობილე 30-30 გოლით ლიდერობენ. ცნობისთვის, „ოქროს ბუცისთვის“ რბოლაში რობერტ ლევანდოვსკი ლიდერობს, რომელმაც 34 გოლი გაიტანა, მაგრამ სეზონი მან უკვე დაასრულა. პოლონელის დასაჯაბნად პორტუგალიელსა და იტალიელს 4 ტური აქვთ დარჩენილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133941