ფეხბურთი

23:18 | 19.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" სერია გრძელდება და ლიდერობა განიმტკიცა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეექვსე ტური თბილისში დასრულდა, სადაც ტურის გამორჩეული დაპირისპირება შედგა, ლიდერებს, „დინამოსა“ და „დილას“ შორის.

გორელებმა სეზონი ჩინებულად დაიწყეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ აქამდე ქულები შემთხვევით სულაც არ დაუგროვებიათ. მატჩი კი საინტერესოდ წარიმართა და დრამატულიც გამოდგა.

„დილა“ პირველ ტაიმში უკეთ გამოიყურებოდა და ტაიმის ბოლოს შედეგიც მოიმკა. კარგი კომბინაცია ნიკა გაგნიძემ ახლო მანძილიდან გოლით დაასრულა და გიორგი ნემსაძის გუნდი შესვენებაზე დაწინაურებული გავიდა.

მეორე ნახევარში კახა ჩხეტიანმა მოედანზე ირაკლი ბუღრიძე გამოიყვანა, რომელმაც თბილისელთა თამაში გააცოცხლა და სტუმარ მცველებს არაერთი თავსატეხი შეუქმნა. მასპინძელთათვის ცუდი ის იყო, რომ ბუღრიძეს მხარს თანაგუნდელები ვერ უბამდნენ, მარტომ კი მხოლოდ პენალტის გამომუშავება მოახერხა, რომელიც გიორგი კუციამ ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. იქამდე, 5 წუთით ადრე „დილა“ მინდორზე კაცნაკლული დარჩა, რადგან დავით მაისაშვილი გააძევეს. შესაბამისად, „დინამოს“ ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ გამარჯვების გოლი გაეტანა და ბუღრიძე ცდას არ აკლებდა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, მარტომ ვერაფერი გააწყო.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე კი თბილისელებმა აქეთ გაუშვეს. ნუგზარ სპანდერაშვილის ჩაწოდების შემდეგ ბურთი კარში აღმოჩნდა და მატჩის გმირი გახდა.

„დილას“ 6 ტურში 14 ქულა აქვს (4 მოგება, 2 ფრე) და ლიდერის პოზიციაზე მყარად იმყოფება. თავის მხრივ, „დინამო თბილისი“ პირველად დამარცხდა და სატურნირო ცხრილში 9 ქულით მესამე საფეხურზეა.

„დინამო თბილისი“ – „დილა“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 გაგნიძე (38), 1:1 კუცია (68, პენ), 1:2 სპანდერაშვილი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115397