ჩოგბურთი

4:11 | 19.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

როჯერ ფედერერი 2021-ში წასვლას არ აპირებს

როჯერ ფედერერის მწვრთნელი სევერინ ლუთი (ფოტოზე ფედერერთან ერთად) ამბობს, რომ შვეიცარიელი ჩოგბურთელი ჯერჯერობით პროფესიონალური სპორტიდან წასვლას არ აპირებს. ბევრი ფიქრობდა, რომ ფედერერი, ვინც აგვისტოში 39 წლის გახდება, თავის სახელოვან კარიერას, ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ დაასრულებდა.

მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ სხვა ყველაფერთან ერთად, სპორტული და მათ შორის, საჩოგბურთო კალენდარიც აურია. მართალია, ATP-ს ტურის სეზონი აგვისტოში განახლდება, მაგრამ შვეიცარიელი წელს კორტზე გამოსვლას აღარ გეგმავს. მან ლოკდაუნის დროს მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ამჟამად სარეაბილიტაციო კურსს გადის.

ლუთი, ვინც თავის თანამემულესთან 2007 წლიდან მუშაობს, ამბობს, რომ ფედერერი კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს: „როჯერს ჯერ ისევ მოსწონს ცხოვრება კორტზე. მისგან არასდროს გამიგია, რომ გაჩერებას აპირებს, რადგან ცხოვრების შეცვლა სურს, ან ამდენი მგზავრობისგან დაიღალა. 100 პროცენტით ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩოგბურთში და მის მეგობრებთან, რომლებიც ყველგან ჰყავს, გატარებული დროით სიამოვნებას ღებულობს, არ მგონია, 2021 წელს წასვლას აპირებდეს“, - შვეიცარიულ ჟურნალ „სმეშთან“ საუბრისას ამბობს ლუთი.

საინტერესოა, რომ 2016 წლის სეზონში, ასევე მუხლის ოპერაციის გამო, ფედერერს ექვსი თვე გაუცდა, მაგრამ 2017-ში დაბრუნდა და დიდი სლემის მე-18 და მე-19 ტიტულები მოიპოვა. ლუთი ფიქრობს, რომ როჯერისგან ახლაც მსგავსი რამ არის მოსალოდნელი.

ამ სეზონის დასაწყისში, ფედერერმა ავსტრალიის ღიას ნახევარფინალს მიღწია, სადაც სამ სეტში ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო.

0.116557