ფეხბურთი

23:37 | 18.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" ზედიზედ მეორე გამარჯვება და მეორე ადგილი

„დინამო ბათუმმა“ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ ოთხი ფრის შემდეგ მიჯრით მეორედ მოიგო. აჭარლებმა მეექვსე ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლეს, რომელსაც რესტარტის შემდეგ წაგება არ ჰქონდა.

თუმცა, „დინამომ“ ეს სერია დაასრულა და თავად მთლიანად სეზონშია დაუმარცხებელია. გია გეგუჩაძის გუნდმა ორი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. ანგარიში კი ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა, რომელმაც ეფექტური კომბინაცია ახლო დისტანციიდან შედეგიანად დაასრულა. სხვათა შორის, ბრაზილიელი ჩინებულ ფორმაში შედის და უკვე მე-4 გოლი გაიტანა ამ სეზონში.

მეორე ტაიმში „ტორპედოს“ არაერთი მცდელობა ჰქონდა და საგოლე მომენტებიც შექმნა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, ვერ გაათანაბრა. უფრო მეტიც, ბოლოსკენ მეორეც გაუშვა. გიული მანჯგალაძე მარჯვენა ფლანგიდან გადაცემას გამოეხმაურა და სხვაობა უფრო სოლიდური გახადა.

„დინამო ბათუმმა“ 10 ქულა დააგროვა და მინიმუმ ერთი დღე მეორე ადგილზე იქნება („დინამო თბილისი“ - გორის „დილას“ მატჩის შედეგმა შესაძლოა სატურნირო ცხრილში ცვლილებები გამოიწვიოს). „ტორპედოს“ კი 5 ქულა დარჩა და პლეი-აუტის ზონაშია, მერვე საფეხურზე.

„დინამო ბათუმი“ – „ტორპედო“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჯოვინო (35), 2:0 მანჯგალაძე (88)

0.116473