ფეხბურთი

23:14 | 17.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ"

მადრიდის "რეალმა" ლა ლიგის 37-ე ტურში "ვილიარეალი" 2:1 დაამარცხა და ერთი ტურით ადრე ტიტული გაინაღდა. "სამეფო კლუბი" ესპანეთის ჩემპიონი არსებობის ისტორიაში 34-ედ გახდა და ზინედინ ზიდანი პრესკონფერენციაზე კმაყოფილი იყო.

"ეს არის მუდმივი ბრძოლა, 38 სათამაშო დღე გვაქვს და დღეს ტური ჩემპიონობით დასრულდა. ძალიან მადლიერი ვარ ფეხბურთელებით, რადგან მოედანზე ისინი იბრძვიან. ჩემი როლი მაქვს, მათთან ვარ, მაგრამ ეს გამარჯვება გუნდურობის შედეგია, ესაა დიდი რამ, უზარმაზარი ემოცია. ძალიან რთულია მოიგო ესპანური ლიგა, ძალიან რთული" - ციტირებს ზინედინის სიტყვებს მადრიდელთა ოფიციალური ვებგვერდი.

ზიდანმა დაუფასა ფეხბურთელებს ის შრომა, რომელიც იძულებითი შესვენების შემდეგ გაწიეს და აღნიშნა, რომ "10 გამარჯვება 10 მატჩში, უზარმაზარი შედეგია". ფრანგმა სპეციალისტმა ხაზი გაუსვა 2019/20 წლების სეზონის სირთულეს, რადგან კორონავირუსის გამო ჩემპიონატი იძულებით შეწყდა და გუნდმა რთულ პირობებში ჩემპიონობა შეძლო.

"ჩემი პირველი სეზონი ფენომენალური იყო, მაგრამ ეს უფრო განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან ორი თვე სახლში ვიყავით, შემდეგ დავბრუნდით და განსხვავებულად დავიწყეთ მომზადება. ჩვენ ეს შევძელით, ესაა ყველას გამარჯვება, რადგან გუნდმა ბევრი მსხვერპლი გაიღო წარმატების მისაღწევად." - თქვა ზიდანმა.

ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა აქვს და გუნდის ლიდერი სერხიო რამოსია.

"ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. რთული პერიოდებიც გვქონია, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა არ შეცვლილა. ყველა პროფესიონალი და საპატივსაცემო ადამიანია, მაგრამ მე მხოლოდ მათი ურთიერთობა მაინტერესებს. სერხიო რამოსი გუნდის ლიდერია, მის გარდა კიდევ სამი კაპიტანი გვყავს მარსელოს, რაფაელ ვარანის და ქარიმ ბენზემას სახით, თუმცა მართალია, რომ სერხიო გამორჩეულია გუნდში."

მადრიდის "რეალის" თავკაცმა პრესკონფერენციაზე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს და კლუბში მომუშავე პერსონალს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს გუნდის წარმატებაში.

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც მძიმე პერიოდებში ჩვენთან იყვნენ. მათზე ვფიქრობ და უფრო განსაკუთრებულად კლუბის თანამშრომლებზე, რომლებიც გუნდის გარშემო მუშაობდნენ და ყველამ უზარმაზარი სამუშაო შეასრულა. ახლა ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მსოფლიოში და დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის."

ზიდანმა თავის ემოციებზეც ისაუბრა და თქვა, რომ შეიძლება ემოციებს ვერ გამოხატავს, მაგრამ ლა ლიგის მოგება მისთვის უზარმაზარი ბედნიერებაა. ფრანგმა ასევე აღნიშნა, რომ არ შეიძლება მისი საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერის შედარება, რადგან წლებში დიდი სხვაობაა და ნაადრევია ამაზე საუბარი.

ზინედინ ზიდანმა მადრიდის "რეალში" მწვრთნელის რანგში მე-11 ტიტული მოიპოვა და ლა ლიგის გამარჯვებული მეორედ გახდა. ფრანგი სპეციალისტი ფლორენტინო პერესმა 2019 წლის მარტში დააბრუნდა. მას შემდეგ "სამეფო კლუბმა" 60 შეხვედრა გამართა, საიდანაც 38 მოიგო და 12 ფრედ დაასრულა.

0.122783