უკრაინულ „ლვოვში“ გია ცეცაძე ჯერ კიდევ სადებიუტი გამარჯვების მოლოდინშია. ზედიზედ ორი ფრის შემდეგ მისი გუნდი მიჯრით ორჯერ დამარცხდა. ამჯერად დონეცკის „ოლიმპიკთან“, რომელსაც თავიდან უგებდა, თუმცა 1:5 წააგო.
ნამატჩევს ქართველმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა, თამაში შეაფასა და უკრაინელი ფეხბურთელების პერსპექტივას ხაზი გაუსვა.
„დნიპრო1“-თან 18 წუთში 2 გოლი გავიტანეთ და შემდეგ წავაგეთ, ახლაც იგივე მოხდა. პირველ რიგში ეს მეტოქეზეა დამოკიდებული, გოლამდე უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ამის შემდეგ მოწინააღმდეგ მთელი თამაში უკეთ ჩაატარა. გუნდური თამაში საკმარისი არაა, არსებობს ინდივიდუალური შეცდომები.
ვაკვირდები გუნდის რეზერვს, არიან კარგი ფეხბურთელები. შეიძლება შემდეგ მატჩში ვათამაშო, ისინი ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ.
„ვორსკლასთან“ მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ სასიამოვნოდ მიკვირს, რომ უკრაინაში უამრავი ფეხბურთელია, რომელთაც შეუძლიათ თანამედროვე ფეხბურთის თამაში. ეს კარგია უკრაინისთვის. იმიტომ, რომ შეიძლება არა ხვალ ან ზეგ, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ახალი შევჩენკო ან რებროვი გამოჩნდეს. ამ ფეხბურთელებში პოტენციალს ვხედავ“, - თქვა ცეცაძემ.
„ლვოვს“ უკრაინის პრემიერლიგაში ადგილი შენარჩუნებული აქვს, მომდევნო მატჩს კი 19 ივლისს, საკუთარ მოედანზე „მარიუპოლთან“ გამართავს.