ამერიკელი სპრინტერი დეიჟა სტივენსი, ვინც რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე, 200 მეტრზე სპრინტის ფინალში გავიდა, იმის გამო, რომ სამჯერ არ გამოცხადდა დოპინგ კონტროლზე, 18-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ამგვარად, ის ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლას ვერ მოახერხებს.
სტივენსმა რიოს ოლიმპიადაზე მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა, თუმცა ერთი წლის შემდეგ, იმავე დისტანციაზე აშშ-ის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა და ტოკიოს თამაშებისთვისაც, ფავორიტთა შორის მოიაზრებოდა. მისი დისკვალიფიკაცია 2020 წლის 17 თებერვლიდან იწყება და 2021 წლის 16 აგვისტოს დასრულდება, როცა ტოკიოს ოლიმპიადა რვა დღის დახურული იქნება.
დოპინგკონტროლს მისი შემოწმება 2019 წლის თებერვალში, აგვისტოსა და ნოემბერში სურდა, მაგრამ სინჯის აღება ვერცერთხელ ვერ მოხერხდა. პირველად მას ორეგონში, მითითებულ მისამართზე მიაკითხეს და ვერც ტელეფონით დაკავშირება მოხერხდა.
მეორე მცდლობა დასავლეთ ჰოლივუდში იყო. სტივენსი ამბობს, რომ მის ტელეფონზე ელემენტები დაჯდა, დილით კი ხუთი გამოტოვებული ზარი ნახა. დოპინგკონტროლის ოფიცერმა კარზეც უკაკუნა, მაგრამ არავინ გაუღო. მესამე შემთხვევაზე მორბენალი ამბობს, რომ მითითებულ მისამართზე 60 წუთის განმავლობაში იყო, მაგრამ ტელეფონის ნომერი ჰქონდა შეცვლილი, რათა თავიდან აეცილებინა უცნობი პირისგან დევნა, რომელიც მის საქმროს სიცოცხლეს ემუქრებოდა.
სტივენსს დისკვალიფიკაციის გასაჩივრების უფლება დაუტოვეს.







