ფეხბურთი

19:09 | 14.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი "სიტის" აპელაციის დაკმაყოფილებაზე: "ეს არ იყო ფეხბურთისთვის კარგი დღე"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) მიღებულ გადაწყვეტილებაზე „მანჩესტერ სიტის“ აპელაციასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

გერმანელი ბედნიერია, რომ მისი გუნდის კონკურენტი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და სეზონში ნაკლები მატჩის ჩატარება არ მოუწევს, მაგრამ ამავდროულად ფიქრობს, რომ გუშინდელი დღე ფეხბურთისთვის კარგი არ იყო.

„არც კი ვიცი შემიძლია თუ არა პასუხის გაცემა, დელიკატური კითხვაა. ეს ფეხბურთისთვის კარგი დღე არ იყო, სიმართლე რომ ვთქვა. ფინანსური ფეარ-პლეი ძალიან კარგი იდეაა, ის იცავს გუნდებს და კონკურენციას, რომ არავინ დახარჯოს ძალიან ბევრი ფული და დახარჯოს სწორი გზით.

მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა დაიცვას ეს წესები. თუ მდიდარ კლუბებს შეეძებათ გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ ყველაფერი რთულდება, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ ფლობს კლუბს. გერმანიაში ლიცენზიები ყოველწლიურად გაიცემა, კლუბები ერთი მფლობელის გარშემო არ შენდება.

პერსონალურად ბედნიერი ვარ, რომ „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სეზონში 10-12 თამაშით ნაკლების ჩატარება მოუწევდათ და პრემიერლიგაში არცერთ გუნდს ჩემპიონობის შანსი აღარ ექნებოდა. თუმცა, ვიმეორებ, გუშინ ფეხბურთისთვის კარგი დღე არ იყო“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ CAS-მა „სიტის“ ორწლიანი დისკვალიფიკაცია გაანულა, თუმცა კლუბი 10 მილიონი ევროთი მაინც დააჯარიმა.

0.116053