1986 წლის 15 ივნისი ქართული ფეხბურთის ქომაგებისათვის განსაკუთრებულად გამორჩეული თარიღი ნამდვილად არაა. მეტიც – ძველი თაობის ქომაგთა 99% ალბათ ვერც კი გაიხსენებს რა მოხდა ამ დღეს და რატომ უნდა ახსოვდეთ მსგავსი თარიღები? ეს ბუნებრივიცაა! მაშინ ალბათ ვერც ერთი ჩვენებური ქომაგი ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა იმას, რომ 1986 წლის 15 ივნისს ქართველი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში უკანასკნელად იყო მოხვედრილი და ეს ფეხბურთელი საშა ჩივაძე იყო.
ბელგიისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებთა შეხვედრა, მატჩი, რომელიც 1986 წელის 15 ივნისს გაიმართა, ბელგიელთა მოულოდნელი გამარჯვებით, 4:3 (დამატებით დროში) დასრულდა და ასევე დასრულდა საბჭოელთა მუდმივი და არაფრისმომცემი ამბიციები მუნდიალებთან დაკავშირებით. ალექსანდრე ჩივაძეს ამ ტურნირზე სსრკ-ის ნაკრების მაშინდელი მთავარი მწვრთნელი, ვალერი ლობანოვსკი ძირითად შემადგენლობაში აღარ აყენებდა და ბელგიასთან შეხვედრაშიც სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ბელანოვმა და კომპანიამ შეხვედრა წააგეს და ეს მატჩი საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებულად კაშკაშა ასოებით ნამდვილად ვერ ჩაიწერება. მით უმეტეს, რომ სსრკ-ის დაშლა უკვე დაწყებული იყო და ამ ქვეყნის ფეხბურთელებიც ალთასა და ბალთას იხედებოდნენ – ზოგი დამოუკიდებელ ჩემპიონატებზე ოცნებობდა და ზოგი ”სულ სხვანაირ” საბჭოურ ნაკრებზე.
მოკლედ ეს ყველაფერი წარსულის ამბებია და აბა ვინღა დააკვირდებოდა ან შემდეგ ვინღა გამოარჩევდა იმ ფაქტს, რომ 1986 წელს მექსიკის ქალაქ ლეონში სათადარიგოთა სკამზე მჯდარი ულვაშა ქართველი მცველი უკანასკნელი იქნებოდა ჩვენი ქვეყნიდან, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩის განაცხადში იმყოფებოდა.
ამის შემდეგ, მთელი 28 წელიწადი გავიდა. მსოფლიოს პოლიტიკური რუკაც არაერთხელ შეიცვალა და ამ ახალმა რეალობამ ახალი ქვეყნები და შესაბამისად ახალი საფეხბურთო ნაკრებები წარმოშვა – სუსტებიცა და ძლიერებიც, გამორჩეულებიცა და უფერულებიც... მაგრამ ქართველი ფეხბურთელი მსოფლიოს მუნდიალზე აღარ გაჭაჭანებულა და ჩვენი საფეხბურთო ოცნებები სულ უფრო და უფრო ბუნდოვანი გახდა.
არადა, როგორ კარგად და ომახიანად დავიწყეთ... მარტო სულ პირველი თაობის საქართველოს ნაკრები რად ღირს, რომელიც მოუხედავად იმისა, რომ მოლდოვასთანა უცნაურ გუნდებთან ვერ იგებდა, მაინც ჭეშმარიტად ქარიზმატულ ფეხბურთს თამაშობდა და ყველას უსახავდა მომავლის იმედებს. მერე იყო ქინქლაძის, ქეცბაიას, არველაძეებისა და მათი მეგობრების თაობა, რომლებმაც მთლიანობაში მხოლოდ დიდი ნიჭით დაგვამახსოვრეს თავი და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ჩვენი დარდიმანდული ხასიათის შესახებ, როდესაც ნიჭის განიავება სრულიად ადვილი და ჩვეულებრივი ამბავი გვგონია. შემდეგ იყო კოშმარული დაღმასვლა, რომელიც არ შეწყვეტილა და ბოლოს დიდი, უშველებელი უფსკრული!
აი მაშინ, მექსიკის ქალაქ ლეონში სათადარიგოთა სკამაზე მჯდომი, საბჭოთა კავშირის მაისურში გამოწყობილი ალექსანდრე ჩივაძესთვის ვინმეს რომ ეთქვა: შენ უკანასკნელი ქართველი ხარ, რომელიც დიდ მუნდიალს სათადარიგოთა სკამიდან მაინც ადევნებს თვალსო – ლეგენდარულ ქართველ მცველს ალბათ სიცილადაც კი არ ეყოფოდა ეს ამბავი. და თუ იმასაც ეტყოდნენ, სულ მალე საქართველოს თავისი ეროვნული ნაკრები ეღირსება და რამდენიმე წელიწადში შენ მისი მწვრთნელი გახდებიო – ჩივაძეს შეიძლება გიჟადაც კი შეერაცხა ასეთი ამბების უცნაურად წინასწარმეტყველი.
როგორც ერთი კარგი მწერალი წერს: ”მადლობა ღმერთს, რომ წინაწარ არ ვიცით რა მოხდება ხვალ, თორემ ჩვენს პლანეტაზე ადამიანების ჭაჭანება აღარ იქნებოდა”. არადა, 1986 წლის 15 ივნისი ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო...