სამტრედიაში ადგილობრივ “სამტრედიასა” და ბათუმის “დინამოს” შორის საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ვიდრე უშუალოდ მატჩზე გადავიდოდეთ, გულშემატკივრებზეც უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა. სავსე ტრიბუნები, ერთგული ადგილობრივი ქომაგები დროშებით და ომახიანი შეძახილებით საკმაოდ სასიამოვნო გარემოს ქმნიდა, თუმცა მასპინძლებს ქომაგობით არც ბათუმელები ჩამორჩნენ. “დინამოს” გულშემატკივრები, “პირატები” სამტრედიაში დიდი რაოდენობით ჩამოჰყვნენ თავიანთ საყვარელ გუნდს და სიმღერით ამხნევებდნენ მთელი თამაშის განმავლობაში.
რაც შეეხება შეხვედრას, მართალია, “სამტრედიამ 2-0 გაიმარჯვა, თუმცა საკმაოდ მძიმე ბრძოლაში მოუწია ქულების მოპოვება. მასპინძელთა რიგებში ტრავმა მოიშუშა და ძირითად გუნდს დაუბრუნდა გრიგოლ დოლიძე, რომელიც საკმაოდ აქტიური იყო მთელი თამაშის განმავლობაში.
თამაში ორმხრივი იერიშებით დაიწყო და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა მთელი 90 წუთის განმავლობაში.
11-ე წუთზე დოლიძის გამოზომილი გადაცემის შემდეგ გორგიაშვილმა კარგად გაისწორა ბურთი და მამინაშვილის კარის მიმართულებით ზუსტად კი დაარტყა, მაგრამ მეკარემ სწორად შეარჩია პოზიცია და ადვილად დაეუფლა ბურთს. 12-ე წუთზე სტუმრებმა უპასუხეს შეტევით მეტოქეს, ამირან მუჯირის პასით გავაშელიშვილი ცდილობდა თავით გადაეგზავნა ბურთი კარში, თუმცა მცირედ არაზუსტად დაარტყა. ორიოდე წუთში მელქაძემ ითამაშა ჩინებულად, მან “დინამოს” მცველების შეცდომით ისარგებლა და უძლიერესი დარტყმით შეეცადა თავისი გუნდი დაეწინაურებინა, მაგრამ მამინაშვილი ამჯერადაც უშეცდომო იყო. 32-ე წუთზე ჩირიკაშვილს შეეძლო სტუმრების მხრიდან თავური დარტყმით ანგარიშის გახსნა, თუმცა ბეგაშვილმა ითამაშა კარგად და სიტუაციაც განიმუხტა.
“სამტრედიამ” პირველ ტაიმში მაინც შეძლო გოლის გატანა. 38-ე წუთი მიდიოდა, როცა თორნიკე გორგიაშვილმა კუთხურიდან ჩამოაწოდა ბურთი, “დინამოს” საჯარიმოში მყოფმა პაჭკორიამ კი თავური დარტყმით მამინაშვილს შანსი არ დაუტოვა 1-0.
მეორე ტაიმში ასლან ბალაძემ ცვლილებები განახორციელა. კაკალაძის და ტატანაშვილის შესვლამ კიდევ უფრო მეტი აქტიურობა შეჰმატა “დინამოს” შეტევებს. სწორედ შეცვლაზე შემოსულ ტატანაშვილს ჰქონდა კარგი შანსი ანგარიშის გათანაბრების მატჩის 54-ე წუთზე, მაგრამ მისი თავური დარტყმა ოდნავ აცდა მიზანს.
მიუხედავად იმისა, რომ აჭარლებმა წააგეს, ცუდად არ უთამაშიათ და რამდენიმე ეპიზოდში საკმაოდ გააზრებული, კარგი კომბინაცია გაითამაშეს. მასპინძლებმა კი გატანილი გოლის შემდეგ თამაში უფრო დაამშვიდეს.
შეხვედრის მიწურულს ორი სახიფათო შეტევა განახორციელეს სტუმრებმა, ჯერ გიორგი ბერიაშვილი დაემუქრა ბეგაშვილის კარს, მორიგი ხიფათი კი მახარაძის ჩაწოდებას მოჰყვა “სამტრედიელთა” საჯარიმოში, თუმცა პირველ ეპიზოდში მეკარემ ითამაშა კარგად, მეორე შემთხვევაში კი მცველებმა განმუხტეს სიტუაცია.
ძირითად დროს მატჩის მთავარმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა 4 წუთი დაამატა. დამატებით წუთებზე მასპინძლები დროის გაყვანას შეეცადნენ და თამაშის მშვიდად დამთავრებას, თუმცა დამატებულ ბოლო, მეოთხე წუთზე სამტრედიელებს კონტრიერიშის ჩინებული შესაძლებლობა მიეცათ და შანსი სათანადოდაც გამოიყენეს - თანაგუნდელის პასით კარგ პოზიციაზე მყოფმა ილია კერძევაძემ ოსტატურად გაატარა ბურთი გიორგი მელქაძის მიმართულებით, ეს უკანასკნელი საჯარიმოში შევიდა და მეკარესთან პირისპირ გასულს ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია 2-0.
ამ გამარჯვებით “სამტრედიამ” 16 ქულა დააგროვა და ქულამდე შეამცირა სხვაობა სატურნირო ცხრილის ლიდერ თბილისის “დინამოსთან”, რომელმაც დღეს საკუთარ მინდორზე მარტვილის “მერანთან” ფრე 0-0 ითამაშა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
გელა სანაია: “დღეს საკმაოდ კარგ გუნდს ვეთამაშეთ, რომელიც დაკომპლექტებულია კარგი ფეხბურთელებით, ჰყავს გამოცდილი მწვრთნელი. შედეგით კმაყოფილი ვარ. მადლობას ვუხდი ბიჭებს ბრძოლისთვის. “სამტრედიას” აქვს იმის პოტენციალი, უფრო მოუმატოს და ახლო მომავალში ასეც იქნება”.
ასლან ბალაძე: “ძალიან კარგი თამაში იყო. “სამტრედიას” ვულოცავ გამარჯვებას. “დინამომ” იბრძოლა, მაგრამ დამაგვირგვინებელი ეპიზოდებში ვერ ვივარგეთ, რაც შედეგზეც აისახა. ვიმუშავებთ ამ ხარვეზებზე და შევეცდებით მდგომარეობა გამოვასწოროთ”.
სამტრედია. 5 სექტემბერი. “ეროსი მანჯგალაძე”
“სამტრედია” (სამტრედია) – “დინამო” (ბათუმი) 2-0 (1-0)
“სამტრედია”: ბეგაშვილი, პაჭკორია, კაკუბავა, ბაკურაძე, კვირკველია, დათუნაიშვილი, მელქაძე, დოლიძე (გაბედავა 78), გეწაძე, გორგიაშვილი (ბეჭვაია 66), ქანთარია (ი. კერძევაძე 46).
მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია
“დინამო”: მამინაშვილი, ტეტუნაშვილი, გავაშელიშვილი, მახარაძე, სუხიაშვილი, შონია, მგელაძე, ჩირიკაშვილი, მუჯირი (ტატანაშვილი 59), ჭკუასელი (დიასამიძე 66), ბერიაშვილი (კაკალაძე 81).
მთავარი მწვრთნელი: ასლან ბალაძე
გოლები: პაჭკორია (38), მელქაძე (90+4)
გაფრთხილება: ჭკუასელი (20)
მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი
1. | დინამო (თბილისი) | 8 | 5 | 2 | 1 | 14:6 | 17 | |
2. | სამტრედია | 8 | 5 | 1 | 2 | 10:6 | 16 | |
3. | დილა | 8 | 4 | 2 | 2 | 12:4 | 14 | |
4. | სპარტაკი | 8 | 4 | 2 | 2 | 7:7 | 14 | |
5. | ტორპედო | 8 | 3 | 4 | 1 | 8:5 | 13 | |
6. | ჩიხურა | 8 | 4 | 1 | 3 | 9:8 | 13 | |
7. | მეტალურგი | 8 | 3 | 3 | 2 | 10:8 | 12 | |
8. | ვიტ-ჯორჯია | 8 | 3 | 1 | 4 | 9:8 | 10 | |
9. | დინამო (ბათუმი) | 8 | 3 | 1 | 4 | 8:10 | 10 | |
10. | გურია | 8 | 2 | 4 | 2 | 7:13 | 10 | |
11. | ზესტაფონი | 8 | 2 | 3 | 3 | 16:11 | 9 | |
12. | მერანი | 8 | 2 | 2 | 4 | 6:8 | 8 | |
13. | სიონი | 8 | 2 | 2 | 4 | 9:13 | 8 | |
14. | კოლხეთი | 8 | 2 | 2 | 4 | 7:11 | 8 | |
15. | შუქურა | 8 | 1 | 4 | 3 | 5:12 | 7 | |
16. | ზუგდიდი | 8 | 0 | 4 | 4 | 4:11 | 4 |
მეგოლეები:
5 -ირაკლი მოდებაძე (დილა)
4-შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია (მეტალურგი)
2 - ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, გიორგი ჩირგაძე (დინამო), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), საბა ლომია, გიგა ჟვანია, კობა შალამბერიძე (გურია), გიგა ამბროლაძე, დათა სიჭინავა (კოლხეთი), თეიმურაზ ღონღაძე, ჯაბა ჯიღაური (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, გიორგი ფანცულაია (ზესტაფონი), გივი კვარაცხელია, ჯაბა უგულავა (სიონი), გიორგი ივანიშვილი (სპარტაკი),დათა ციცხვაია (მერანი)
შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.
ედემ ელერჯია