იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში მილანის „ინტერმა“ გამარჯვების გემო გაიხსენა, ლიდერ „იუვენტუსთან“ ჩამორჩენაც შეამცირა და მეორე ადგილზეც გადაინაცვლა.
არადა, „ნერაძურისთვის“ „ტორინოსთან“ საშინაო მატჩი ძალიან ცუდად დაიწყო, სამირ ჰანდანოვიჩის უხეში შეცდომით ანდრეა ბელოტიმ ანგარიში გახსნა და ტურინელებს პირველ ტაიმში კიდევ რამდენჯერმე შეეძლოთ გატანა.
სამაგიეროდ, მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე თამაშის სცენარი რადიკალურად შეიცვალა. „ინტერი“ გამოფხიზლდა და ეშლი იანგმა გაათანაბრა. ორ წუთში ურუგვაელმა დიეგო გოდინმა მეორე გაიტანა, ხოლო წერტილი ლაუტარო მარტინესმა დასვა.
„ინტერმა“ მოიგო და მეოთხე ადგილიდან მეორეზე გადავიდა. უფრო სწორად „ლაციოსთან“ ერთად იყოფს, მაგრამ ბურთების ბალანსით რომაულ გუნდს სჯაბნის, აი „ატალანტას“ კი ერთი ქულით გაასწრო. „იუვენტუსთან“ ჩამორჩენაც შეამცირა, მაგრამ სკუდეტოსთვის ბრძოლა ალბათ უკვე უტოპიაა, რადგან სხვაობა 8 ქულაა.
„ინტერი“ – „ტორინო“ 3:1
გოლები: 0:1 ბელოტი (17), 1:1 იანგი (49), 2:1 გოდინი (51), 3:1 ლაუტარო მარტინესი (61)