ფეხბურთი

14:03 | 11.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისური და ირლანდიური ფეხბურთის ლეგენდა გარდაიცვალა

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა ჯეკ ჩარლტონი გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება მისმა ოჯახმა გაავრცელა. ჩარლტონის სიცოცხლე 85 წლის ასაკში დასრულდა.

„თავის სახლში იყო ოჯახთან ერთად. გარდა იმისა, რომ ბევრის მეგობარი გახლდათ, იყო ძალიან მოსიყვარულე მეუღლე, მამა, ბაბუა და დიდი ბაბუა. ვერ გადმოვცემთ თუ რამდენად ვამაყობთ იმ არაჩვეულებრივი ცხოვრებით, რომელიც მას ჰქონდა და სიამოვნება მიანიჭა ამდენ ადამიანს. ის იყო აბსოლუტურად გულწრფელი, კეთილი, სიმპათიური, ნამდვილი ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა დრო ადამიანებისთვის. მისი დაკარგვა უზარმაზარ სიცარიელეს დატოვებს ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ მადლობელი ვართ იმის, რომ შეძლო ამდენი ბედნიერი მოგონების სამუდამოდ შენარჩუნება“, - წერს ჯეკის ოჯახი.

ჩალრტონი 1935 წელს დაიბადა და საფეხბურთო კარიერა მხოლოდ „ლიდს იუნაიტედში“ გაატარა, რომლის ღირსება 1952-1973 წლებში 762-ჯერ დაიცვა (95 გოლი). ინგლისის ნაკრებში კი 1965-1970 წლებში 35 თამაშში 6 გოლი გაიტანა და 1966 წელს, ძმასთან, ბობი ჩარლტონთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. წვრთნიდა „მიდლსბროს, „შეფილდ უენსდისა“ და „ნიუკასლ იუნაიტედს“, ყველაზე დიდ წარმატებას კი ირლანდიის ნაკრებში მიაღწია (1986-1996), რომელიც ორჯერ მსოფლიო ჩემპიონატის, ერთხელ კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.

0.113962