ფეხბურთი

19:11 | 9.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ვინისიუსი დაინფიცირდა? განმეორებით ტესტირებას ველოდებით"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა „ალავესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ვინისიუს ჟუნიორის კორონავირუსით დაინფიცირება არ დაადასტურა.

ჯერჯერობით ესპანურ გუნდში განმეორებითი ტესტირების პასუხს ელოდებიან და მერე ყველაფერი ნათელი გახდება.

„რთული თამაშია, რადგან ვიცით რა არის „ალავესის“ მდგომარეობა. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებდით. თუმცა ეს ძალიან რთული იქნება. მოდით დაველოდოთ რა მოხდება ხვალ, კიდევ ერთი ფინალი გვაქვს და ეს სტიმულია.

ვინისიუსს კორონავირუსი აქვს? ვესაუბრე ექიმს, დღეს ჩვენთან არაა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მალე იქნება. შეცდომაა, რომ თითქოს ტესტის პასუხი დადებითი იყო. დღეს განმეორებით ტესტს ჩაიტარებს და ვნახოთ.

აზარს პრობლემები აქვს, ეს არ არის რეციდივი. ნორმალურად ივარჯიშა, იმედი მაქვს, რომ დარჩენილ ოთხ მატჩში და ჩემპიონთა ლიგაზე დაგვეხმარება. მას სურს, რომ აქ იყოს, მაგრამ პრობლემები აქვს, ეს ნორმალურია“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, „რეალი“ „ბარსელონას“ 1 ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. მადრიდელები „ალავესს“ პარასკევს უმასპინძლებენ.

0.11965