ფეხბურთი

3:07 | 8.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეს იყო MAMMA MIA!

იტალიურ კლასიკას ერთადერთი რამ დააკლდა - ტიფოზები. „სან სიროზე“ „მილანმა“ და „იუვენტუსმა“ ისეთი მატჩი აჩუქეს ფეხბურთის გურმანთ, ისტორიას სამუდამოდ რომ შემორჩება. შემორჩება და რატომ?

„მილანმა“ ისტორიაში პირველად მოახერხა „იუვეს“ ძლევა მაშინ, როდესაც ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა. „მილანმა“ „იუვეს“ 1989 წლის შემდეგ პირველად გაუტანა 4 გოლი. „იუვენტუსმა“ 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ პირველად გაუშვა 4 გოლი...

ტურინელებმა ერთი საათი დიდებულად ჩაატარეს. მაურიციო სარის ნამატჩევს ტყუილი არ უთქვამს - 60 წუთი მსოფლიო დონის ფეხბურთი ვითამაშეთ, მერე კი ტოტალურად გამოვეთიშეთ თამაშსო. მართლა ასე იყო.

47-ე წუთზე ადრიენ რაბიომ პირველი ტურინული გოლი გაიტანა. გოლიცაა და გოლიც - ფრანგმა ფანტასტიკურად ითამაშა და კარიერაში ალბათ საუკეთესო გოლი გაიტანა. 53-ე წუთზე „მილანის“ დაცვა ჩავარდა და კრიშტიანუ რონალდუმ მეორე გაიტანა - 0:2. თითქოს თამაში დამთავრდა, რაღა უნდა მომხდარიყო, „იუვეს“ გამარჯვება რომ მოეპოვებინა.

ასე ფიქრობდნენ ზუსტად ტურინელი ფეხბურთელები და ეს შემდგომმა მოვლენებმა წარმოაჩინა. 5 წუთში „როსონერიმ“ სამი, 18 წუთში ოთხი გოლი გაიტანა. „იუვენტუსის“ დაცვის ხაზი ამ მონაკვეთში სრულ კატასტროფას წარმოადგენდა, პრაქტიკულად არ იყო მინდორზე და „მილანმა“ მოიგო. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ფრანკ კესიმ, რაფაელ ლეაომ და ანტე რებიჩმა ვოიცეხ შჩესნი ოთხჯერ დაამწუხრეს.

სხვათა შორის, „იუვენტუსმა“ 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ 5 წუთის ინტერვალში სამი გოლი პირველად გაუშვა. მაშინ, ტურინელები სტუმრად „ფიორენტინას“ 2:0-ს უგებდნენ და 2:4 წააგეს, როგორც ახლა.

„იუვენტუსს“ ამ წაგებით ბევრი მაინც არაფერი დაკლებია, რადგან რომის „ლაციოსთან“ 7-ქულიანი უპირატესობა ისევ აქვს. სიმონე ინძაგის გუნდმა „ბებერ ქალბატონამდე“ შეძლო და „ლეჩესთან“ 1:2 დამარცხდა. სხვათა შორის, „ლეჩე“ მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდია, რომელმაც შინ „ლაციოსთან“ (2:1), „ინტერთან“ (1:1) და „იუვენტუსთან“ (1:1) არ წააგო, არცერთ მათგანთან.

ასეა თუ ისე, „არწივები“ უშანსოდ მაინც არ დარჩნენ. 7 ქულა და 7 ტური, თანაც 12 დღეში „იუვე“ და „ლაციო“ ტურინში ერთმანეთს შეხვდებიან.

„მილანი“ – „იუვენტუსი“ 4:2 (0:0)

მილანი, „სან სირო“

უმაყურებლოდ

„მილანი“ (4-2-3-1): დონარუმა; კონტი (კალაბრია 82), კიაერი, რომანიოლი, ტეო ერნანდესი; კესი, ბენასერი; სელმაკერესი (ლეაო 59), პაკეტა (ჩალჰანოღლუ 46), რებიჩი (კრუნიჩი 82); იბრაჰიმოვიჩი (ბონავენტურა 67)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო (ალექს სანდრო 77), რუგანი, ბონუჩი, დანილო; ბენტანკური (მურატორე 90), პიანიჩი (რემზი 69), რაბიო (მატუიდი 69); ბერნარდესკი, იგუაინი (დუგლას კოშტა 69), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 რაბიო (47), 0:2 რონალდუ (53), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (62, პენ), 2:2 კესი (66), 3:2 ლეაო (67), 4:2 რებიჩი (80)

გაფრთხილება: პაკეტა (32), ბენასერი (36), რებიჩი (59), კონტი (73) - ბონუჩი (62)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (9) – 13 (4) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: მარკო გუიდა

„ლეჩე“ – „ლაციო“ 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 კაისედო (5), 1:1 ბაბაკარი (30), 2:1 ლუჩიონი (47)

თეგებისერია A
0.173806