პრემიერლიგის 33-ე ტურის მატჩში, „ევერტონის“ წინააღმდეგ, „ტოტენჰემის“ ფეხბურთელებმა, მეკარე უგო ლორისმა და კორეელმა სონმა, მინდორზე წაიჩხუბეს. მოგეხსენებათ, ამას მთელი დავიდარაბა მოჰყვა მედიაში, თუმცა „დეზების“ მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ ეს ეპიზოდი თავისებურად ახსნა, შეაქო ფეხბურთელები და ინციდენტი საკუთარ თავს დააბრალა.
„ეს შესანიშნავია. ჩემს ფეხბურთელებს სულ ვეუბნები, რომ მეტად კრიტიკულები და მომთხოვნები იყვნენ ერთმანეთის მიმართ. დაურეკონ, ელაპარაკონ. ასე გუნდური სული უფრო განმტკიცდება.
პირველი ტაიმის ბოლოს, დიდმა ბავშვმა, სონმა, რომელიც ყველას ძალიან უყვარს, უკან ჩასვლა დააგვიანა და ამით კაპიტანი მეკარე გააბრაზა.
არ ვიცი, ერთმანეთს შეეხნენ თუ არა, მაგრამ ეპიზოდს დადებითად შევაფასებდი. მათ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ ერთმანეთის მიმართ, ძლიერი პიროვნებები იყვნენ და არ მოერიდონ შეცდმაზე მითითებას.
ამიტომ, მომხდარი საკუთარ თავზე შემიძლია დავიბრალო.“ - თქვა შემდეგ მოურინიუმ.
„მინდორზე ემოციები დუღს და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ არსებობს გასახდელი, სადაც მეტი პატივისცემა მოგვეთხოვება ერთმანეთის მიმართ. ის, რაც ჩემსა და სონს შორის მოხდა, არაფერს ნიშნავს. ეს ფეხბურთის ნაწილია. არანაირი პრობლემა. თამაშის ბოლოსკენ ორივე კმაყოფილები ვიყავით, რომ გუნდურად მოვიქეცით. არადა, იმ მომენტში სონი უკან არ ჩამოჰყვა რიშარლისონს, რასაც დიდი ხიფათის შექმნა შეეძლო ჩვენთვის. ამიტომ გავბრაზდი. ამან გამაღიზიანა.“ - ეს ლორისის სიტყვებია.
ეს შეხლა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ დროისთვის „ტოტენჰემი“ უკვე იგებდა თამაშს.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდამ, ამჟამად კი Sky Sports-ის კომენტატორმა, გარი ნევილმა თქვა: ვისურვებდი მეტი ცეცხლი თამაშში გამოევლინათო.
„ტოტენჰემის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, დღეს უკვე ცნობილმა ტელეწამყვანმა, გარი ლინეკერმა, მომხდარით უკმაყოფილომ თავის „ტვიტერში“ დაწერა: „არ არის ლამაზი ასეთი ქცევა.“
თუმცა მეორე ტაიმზე გამოსვლისას, კამერებმა დააფიქსირეს, როგორ მოუთათუნა კეფაზე ხელი ლორისმა სონს მეგობრულად და როგორ გადაეხვივნენ ისინი ერთმანეთს.
ჩრდილოლონდონურ კლუბს იოლი სეზონი ნამდვილდ არ აქვს. ჩემპიონთა ლიგის შარშანდელმა ფინალისტმა, წლეულს თითქმის ყველაფერი დაკარგა, მწვთნელიც შეეცვალათ. მაგრამ ჯერჯერობით კრიზისი გრძელდება. ამჟამად „დეზები“ პრემიერლიგის ცხრილში მერვე ადგილზე არიან.