ფეხბურთი

23:51 | 4.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მართალი იურგენი

წესის თანახმად, პრემიერლიგა ჩემპიონს შეზღუდული რაოდენობის მედლებს - სულ 40 ცალს - ურიგებს.

2012-13 წლების სეზონამდე წესები უფრო მკაცრი იყო, მაშინ ფეხბურთელს იმ წლის განმავლობაში კლუბის მაისურით მინიმუმ 10 მატჩი უნდა ჩაეტარებინა, ოქროს მედალი რომ მიეღო. ახლა აუცილებელია 38 მატჩიდან ხუთში მაინც მიიღოს მონაწილეობა, სანუკვარი მედლის მისაღებად.

იურგენ კლოპს მიაჩნია, რომ ეს წესი ძალიან უსამართლოა.

„მინდა, რომ ადამიანები დაფიქრდნენ და შეცვალონ ეს წესი. ფეხბურთელს ერთი მატჩიც რომ ჰქონდეს ნათამაშევი, მედალი აუცილებლად უნდა მიიღოს. არ ვიცი, ვინ მოიფიქრა ეს წესი, მაგრამ, გარწმუნებთ, ძალიან უსამართლოა, - ციტირებს კლოპის სიტყვებს The Independent, - მათ არ ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდურობა. ამა თუ იმ ფეხბურთელს საერთოდ რომ არ ეთამაშა, მედალი მაინც უნდა მიიღოს. ვთქვათ, მეორე მეკარე ხარ და მთელი სეზონის განმავლობაში არ მოგიწია მინდორზე გასვლა, მაგრამ, ყველასთან ერთად ჩვეულებრივ ვარჯიშობ და მუშაობ, რათა საჭირო მომენტში მზად იყო თამაშში ჩასართველად. ასე თუ არ არის, ვერც ლიგას მოიგებ და ვერც ვერაფერს.

ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ჯილდოს მისაღებად ფეხბურთელმა 5 მატჩი მაინც უნდა ითამაშოს. გეტყვით, რომ ყველა ჩემი ფეხბურთელი მიიღებს ჩემპიონის მედალს, თუ არა, ჩემსას დავუმატებ.

სეზონის განმავლობაში, საბოლოო ტრიუმფისთვის თამაშების მოგებაა საჭირო და არა იმის თვლა, ვინ რამდენი თამაში და წუთი ითამაშა.

„ლივერპულის“ დაჯილდოება ბოლო საშინაო შეხვედრისას, 19 ივლისს „ჩელსის“ წინააღმდეგ იგეგმება.

კლოპმა მართლაც ეპოქა შექმნა „ლივერპულში.“ თითქმის ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლება საკლუბო ფეხბურთში. 2018-19 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა, 2019-20-წლებში კი მოიპოვა უეფას სუპერთასი, გაიმარჯვა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე და ბოლოს, მოიპოვა პრემიერლიგის სანუკვარი ჩემპიონის ტიტული, რომელიც მერსისაიდულ კლუბს 30 წელიწადი აღარ მოეგო.

თავის ახლო მომავალზე გერმანელი სპეციალისტი ჯერ არაფერს ამბობს. „ლივერპულთან“ მის კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება. რა იქნება მერე, გაურკვეველია. ჰერ იურგენი თავად ამბობს, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ამდენი წლის განმავლობაში მოუწევდა მწვრთნელობა.

„ვერც კი წარმომედგინა, რომ სამწვრთნელო საქმიანობა ამდენ ხანს გაგრძელდებოდა, - ციტირებს მის სიტყვებს The Mirror, - „მაინცში შვიდნახევარ წელიწადს ვიმუშავე, დორტმუნდში - შვიდი, 2024-ში, როცა „ლივერპულთან“ კონტრაქტი დამიმთავრდება, ჯამში ოცდასამნახევარი გამოვა.“

„დორტმუნდში“ მუშაობისას, მან ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა და 2013-ში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ათამაშა.

ახლა ძალიან საინტერესო ეტაპი დგება. ყველას აინტერესებს, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება „ლივერპული“ მომავალ სეზონში, როგორც საშინაო, ასევე ევროპულ სარბიელზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115033