ფეხბურთი

2:36 | 4.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ეს იქნება BOOM!" - რივალდომ მესის შესაძლო ახალი კლუბი დაასახელა

ლიონელ მესის „ბარსელონადან“ შესაძლო წასვლის შესახებ ხმები უკვე დაირხა. ესპანური მედიის ცნობით, არგენტინელმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები შეაჩერა.

ამასობაში, „ბარსელონას“ კიდევ ერთი ლეგენდა რივალდო არ გამორიცხავს მესის „კამპ ნოუდან“ წასვლას და მეტიც, საკმაოდ სენსაციური სცენარი ივარაუდა:

„თუ კლუბის დატოვებაზე ფიქრობს, მაშინ „ბარსელონას“ გასახდელში გარკვეული პრობლემა უნდა არსებობდეს და ალბათ დაიღალა ყველა ჭორით, რაც კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ ბოლო თვეებში ისმოდა. როდესაც კონტრაქტი ამოიწურება, 34 წლის იქნება და ვფიქრობ,რომ პრემიერლიგაში თამაში მშვიდად შეუძლია. პეპ გვარდიოლა თუ მოისურვებს „მანჩესტერ სიტიში“ მის წაყვანას, შესაძლოა ეს მაცდური წინადადება აღმოჩნდეს. მათ ერთად შექმნეს „ბარსელონაში“ დიდი გუნდი“, - თქვა რივალდომ.

ამის მიუხედავად, ბრაზილიელმა არ გამორიცხა „იუვენტუსის“ ვარიანტიც, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს. ბრაზილიელის აზრით, ბევრი აგენტი ოცნებობს მესი-რონალდუს დუეტის ხილვაზე იტალიურ გრანდში:

„ვფიქრობ, რომ ზოგიერთი აგენტი უკვე ოცნებობს „იუვენტუსში“ მესი-რონალდუს დუეტის შესახებ. თუ ეს მოხდება, „ბუმი“ იქნება და ვფიქრობ, რომ „იუვე“ სწრაფად აღადგენს ნებისმიერ ინვესტიციას იმის წყალობით, რასაც მარკეტინგით მიიღებს. ისტორიული იქნებოდა მათი ერთად ნახვა და ჩემი აზრით, ბევრ სპონსორს მოეწონება ეს სცენარი. ასე, რომ ეს შეიძლება იყოს ვარიანტი“, - დასძინა რივალდომ.

აქვე გეტყვით, რომ ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

0.114617