საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტური ბათუმში დაიწყო, სადაც „დინამომ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა. ორივე გუნდს მაღალი მიზნები აქვს დასახული, მაგრამ სეზონი შესაბამისად ვერ დაიწყეს. ამიტომაც, მოედანზე ცხადია მხოლოდ სამი ქულისთვის გავიდნენ.
თუმცა, ვერ ამ ტურმა შეცვალა ვითარება, „დინამო ბათუმი“ ისევ მოუგებლად ასპარეზობს, „საბურთალოს“ კი პირველი ტურის მერე არ მოუგია.
ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 61-ე წუთზე გიორგი კოხრეიძის პასით ლევან ნონიკაშვილმა შეძლო აჭარელთა დამწუხრება. თუმცა, „საბურთალომ“ უპირატესბა ოდენ 5 წუთი შეინარჩუნა, რადგან ჯაბა ჯიღაურმა მალევე გაათანაბრა.
გია გეგუჩაძის გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო. 73-ე წუთზე სტუმრები ლევან მაჭარაშვილის გაძევების შედეგად კაცნაკლულნი დარჩნენ, ჯოვინო ფლამარიონს კი პენალტით შეეძლო თანაგუნდელების დაწინაურება. თუმცა ვერ მოახერხა. ვერც „დინამო ბათუმმა“ მოახერხა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება და ქულას დასჯერდა.
ეს უკვე ზედიზედ მეოთხე ფრეა „დინამოსთვის“: ოთხი მატჩი, ოთხი ფრე - არაა იდეალური და სასურველი შედეგი. „საბურთალოზეც“ იგივე შეგვიძლია ვთქვათ, რადგან მხოლოდ 5 ქულა აქვს.
„დინამო ბათუმი“ – „საბურთალო“ 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 ნონიკაშვილი (61), 1:1 ჯიღაური (66)