გერმანული Sport Bild-ის ჟურნალისტის რეპლიკაზე: კლოპი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელიაო, პრემიერლიგის ახლახან მომგებმა გერმანელმა სპეციალისტმა უპასუხა: საუკეთესო გვარდიოლააო.
ლამაზია, როცა ჩემპიონის მაისურა გაცვია, მთელი მსოფლიოდან იღებ მილოცვებს და კოლეგას ასეთ კომპლიმენტს უკეთებ.
თუმცა, ჰერ იურგენი, შესაძლოა, მართალიც იყოს. საკითხს პრაგმატულად რომ შევხედოთ, ბოლო 15 წლის განმავლობაში ფეხბურთში გვარდიოლას დარი კვალი არცერთ მწვრთნელს დაუტოვებია. ამიტომ, თავისი სიგიჟეების მიუხედავად, კლოპი ადეკვატურობის მაგალითია და მისი ნათქვამი შესაძლოა, კომპლიმენტი სულაც არ ყოფილიყო.
რომელი უკეთესია, კლოპი თუ გვარდიოლა? საერთოდ, მწვრთნელების შედარებისას ამოსავლად მოგებული ჯილდოები ითვლება ხოლმე, მაგრამ მთლად სწორი ასეთი მიდგომაც არ არის. უმაღლესი ჯილდოებისთვის არცთუ ისე ბევრი გუნდები იბრძვიან და ამიტომ, ბევრი შესანიშნავი სპეციალისტია, ვინც საშუალო კლუბებში მუშაობს და ჯილდოებს ვერ იგებს. მაგალითად, დიეგო სიმეონემ შვიდი პრიზი მოიგო ესპანეთში. წარმოიდგინეთ რამდენს მოიგებდა, საფრანგეთში, „პარი სენ-ჟერმენში“ რომ ემუშავა? მაგრამ ამით მისი კვალიფიკაცია არ შეიცვლებოდა.
კიდევ უფრო რთულია სხვადასხვა ეპოქების სპეციალისტების შედარება. ესეც ყოველთვის კამათის საგანია და როგორც წესი, ფუჭსიტყვაობით მთავრდება ხოლმე.
კლოპს და გვარდიოლას ბევრი უნიკალური თვისება აქვთ, რაც მათ განსაკუთრებულებად აქცევს. მაგრამ არავითარი განზოგადებები. ვნახოთ, კონკრეტული ასპექტი. რა განსხვავებაა მათ შორის?
რა გავლენა აქვს პეპს „სიტის“ სატრანსფერო პოლიტიკაზე? დიდი გავლენა. ის არ არის მწვრთნელი, რომელსაც ფეხბურთელებს სთავაზობენ და მათთან უბრალოდ მუშაობს. ის ერთობ აქტიურია სატრანსფერო ბაზარზეც. თავისი სტილიც აქვს.
კლუბი არ ყიდულობს სუპერვარსკვლავებს. ერიდება 30-ს მიახლოებული ფეხბურთელების შეძენას. ახალწვეულები კი, რომლებიც 20 წელიწადს ოდნავ გადაცილებულები არიან, მანამდე აშკარად გამოირჩეოდნენ სხვა გუნდებში ტექნიკით, სისწრაფითა და ინტელექტით. თუ „სიტიში“ გაუმართლათ, მოერგნენ და ლიდერები გახდნენ, ხომ კარგი, თუ არადა, მათი ძვირად გყიდვა შეიძლება. ანუ, მენეჯმენტის მხრივ, წაუგებელი ვარიანტია.
კლოპის მუშაობა კი თითქმის უნიკალურია. მას ყველა რგოლში ჰყავს თანაშემწეები. მეკარეების მწვრთნელი, ყოველ ფეხბურთელს თავისი ფიზიოთერაპევტი აკონტროლებს, ჰყავს აუტების ზუსტად ჩაწოდების მასწავლებელი, სწორად სუნთქვის სპეციალისტი, ცხადია, ფსიქოლოგებიც.
ვარჯიშები ისეთი პათოსით ტარდება, რომ ყველანაირი მოულოდნელობაა გათვალისწინებულია.
კლოპს შესანიშნავი დამოკიდებულება აქვს სპორტულ დირექტორ მაიკლ ედვარდსთან, რომელთანაც თითქმის ყოველდღიური კონფლიქტი ჰქონდა მის წინამორბედ ბრენდან როჯერსს.
ახლა მთავარი განსხვავება გვარდიოლასთან. „ეს, ან არავინ“ - ასეთია მერსისაიდელთა ფილოსოფია. შარშან მათ ცენტრალური მცველი და მეკარე სჭირდებოდათ. თვალი ვან დეიკსა და ალისონს დაადგეს. თავიდან ვერცერთთან მოხერხდა მოლაპარაკება, მაგრამ კლოპს მათ მაგიერ სხვები არ უყიდია, დაელოდა და შემდეგ ორივე გუნდის უმნიშვნელოვანეს მოთამაშეებად გადაიქცნენ.
ახლა იგივე გამეორდა ვერნერის შემთხვევაშიც. ვერ მოილაპარაკეს, მაგრამ მის მაგიერ სხვა თავდამსხმელის ძებნა არ დაუწყიათ. ზუსტად ვერნერი სჭირდებოდათ, სხვა არა.
კიდევ, მარცხენა მცველი როცა დასჭირდათ, რობერტსონი „ჰალ სიტიში“ იპოვნეს, ალექსანდერ-არნოლდი კი ახაგაზრდული გუნდიდან დააწინაურეს საპირისპირო ფლანგზე.
შედარებით უცნობ მოთამაშეებთან დიდი მუშაობა ტარდება. მანე 41 მილიონი ღირდა, სალაჰი - 42. ახლა რამდენია მათი ფასი? მინიმუმ ორმაგი.