ფეხბურთი

21:11 | 27.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინი" "ლოკომოტივს" ვერ გაუმკლავდა, კვირკველიას წასვლის დრო მოვიდა?

რუსეთის პრემიერლიგის XXIV ტურში ყაზანის „რუბინი“ მოსკოვის „ლოკომოტივს“ დაუხვდა და ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო. მასპინძლები ლიგაში დასარჩენად იბრძვიან, მოსკოველები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის.

პირველივე ტაიმში ალექსეი მირანჩუკმა დუბლი შეასრულა და „ლოკომოტივმა“ 2:0 იმარჯვა. ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელიც 73-ე წუთზე შეცვალეს. ლეონიდ სლუცკიმ ზურიკო დავითაშვილი თამაშში 61-ე წუთიდან ჩართო.

რაც შეეხება სოლომონ კვირკველიას, აშკარაა, რომ მარკო ნიკოლიჩი ჩვენებურზე დიდ იმედს არ ამყარებს, რადგან ზედიზედ მეორედ გაამწესა თადარიგში. თუმცა, ამჯერად ბოლო 6 წუთი მაინც თამაშა. ნიკოლიჩის ხელმძღვანელობით „რკინიგზელებმა“ ორი მატჩიდან ორი მოიგეს, თანაც ისე, გოლიც არ გაუშვიათ. ამდენად, ძნელად წარმოსადგენია, რომ სერბმა დაცვის ცენტრის წყვილი (ჩორლუკა-მურილო) დაშალოს. შესაბამისად, ალბათ მოვიდა დრო ქართველმა ფეხბურთელმა „ლოკომოტივის“ დატოვებაზე იფიქროს...

მოსკოვური კლუბი 47 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „რუბინს“ 26 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზეა.

0.175744