ფეხბურთი

11:14 | 26.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი "ლივერპულის" მთავარი წყარო - ოთხპუნქტიანი შედევრი

და, როგორც იქნა ისიც მოვიდა: ინგლისის ჩემპიონის ტიტული 30 წლის შემდეგ „ენფილდის“ კედლებში ბრუნდება. „ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონია ისტორიაში მე-19-ედ, პრემიერლიგაში კი საერთოდაც პირველად.

„ლივერპული“ ჩვეულებრივი გუნდი რომ არაა, ეს ბევრჯერ დამტკიცებულა, ამადროულად, პრემიერლიგაში 30 წელი მშრალად ყოფნის პარალელურად გუნდმა ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო (ბოდიში თუ ვინმესთვის ეს ცოტაა). „ლივერპული“ უწყვეტი ისტორიაა, არის აღმასვლა და დაღმასვლა, ეპიკური უიღბლობები და ეპიკური გამარჯვებები. გუნდის ეპოქა, რომელიც არასდროს იქნება ჩვეულებრივი.

ჩემპიონობისკენ საოცარი გზა მხოლოდ ამ სეზონში არ განვლილა, არამედ გასულ სეზონშიც, როდესაც იურგენ კლოპის გუნდს დუბლის შესრულებაში ხელი მხოლოდ საოცრად მობილიზებულმა „მანჩესტერ სიტიმ“ შეუშალა. კლოპის „ლივერპულს“ თავისუფლად შეიძლება ჰქონდეს ყველა დროის უდიდეს გუნდებში მოხვედრაზე პრეტენზია, როგორც მინიმუმ XXI საუკუნეში ნამდვილად. გამოვყავით ოთხი პუნქტი, რის გამოც ეს „ლივერპული“ უნიკალური გუნდი გახდა.

რიტმი და პრესინგი - თამაში ასეთ რიტმში და ასეთი პრესინგით მთელი სეზონის განმავლობაში პრაქტიკულად შეუძლებლელია. ადრე თუ გვიან, დაეცემი. შეიძლება მოიგო სათასო ტურნირები, ევროთასები, მაგრამ შიდა ლიგაში, გრძელვადიან ტურნირზე ამის გაკეთება ერთი შეხედვით მართლაც წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ „ლივერპულს“ ჰქონდა ფიზიკურად რთული მომენტები, კლოპის გუნდმა ესეც უმტკივნეულოდ გადალახა და ისეთ რთულ ტურნირში მოახერხა აბსოლუტური დომიმანტობა, როგორიც პრემიერლიგაა.

ფლანგის მცველები და მეკარე - „წითლების“ თამაშის წყარო უკნიდან მოდის. მეკარე და განაპირა მცველები ხშირად არიან თამაშის ნამდვილი შემქმნელები. ალისონი ფეხით ძალიან ძლიერია, რობერტსონს ბუნებისგან ნაბოძები ძალა აქვს, მაგრამ ალექსანდერ-არნოლდი კლოპთან ნამდვილ ფენომენად იქცა, ძლიერი ჩახურვაში, განლაგებაში, ჯარიმების შესრულებაში, ჭკვიანი და ამ გუნდის ნამდვილი სიმბოლო.

ცრუ ცხრიანი - სალაჰი? მანე? არა, „ლივერპულის“ შეტევის ნამდვილი შუქურა რობერტო ფირმინოა, თითქმის „ცრუ ცხრიანი“. შესანიშნავი ტაქტიკური თვისებებით. ის არის ის, ვინც ქმნის სივრცეებს თანაგუნდელებისთვის და საჯარიმოში თუ საჯარიმოსთან ფანტასტიკურად მოძრაობს. იცის გოლების გატანაც (8 გოლი და 7 ასისტი პრემიერლიგაში). „ლივერპულს“ შეუძლია ითამაშოს ეს ფეხბურთი სალაჰის გარეშეც, მაგრამ არა ბრაზილიელის...

იურგენ კლოპი - ენერგია, ქარიზმა, საკუთარი რწმენის ყველასთვის გადაცემა, რამაც მისი შეგირდები ინგლისის ჩემპიონებად აქცია. მისი შედევრი ალბათ საოცარი ვან დაიკია. გერმანელი შევიდა „წითლების“ ისტორიაში ყველაზე დიდი მწვრთნელების პანთეონში - ბილ შენკლისთან, ბობ პეისლისთან ჯო ფაგანთან და რაფა ბენიტესთან ერთად.

0.115257