ფეხბურთი

20:50 | 25.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მწარე გაკვეთილი იყო და ის აგენტი ახლოს ვეღარ გაგვეკარება" - კიკნაძე კვარაცხელიას დაკარგვას ნანობს

მოსკოვის „ლოკომოტივის“ გენერალური დირექტორი ვასილი კიკნაძე ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი (მამუკა ჯუღელი) მოსკოვურ კლუბს ახლოს ვეღარ გაეკარება.

კიკნაძემ Sport-express-ს განუცხადა, რომ ხვიჩას აგენტმა „ლოკომოტივი“ მოატყუა და ეს მწარე გაკვეთილი იყო.

„დღემდე ვწუხვარ კვარაცხელიას დაკარგვის გამო. შესანიშნავი მოთამაშე, მებრძოლი. მძიმე გაკვეთილი იყო, მაგრამ ეს უკვე შევისწავლეთ. რა გაკვეთილი? როგორ ვიმუშაოთ აგენტებთან. მან მოგვატყუა.

ყველაფერი მაშინვე ქაღალდზე უნდა გაფორმდეს, ჩვენ კი სიტყვიერი შეთანხმება გვქონდა და 5 დღით ადრე ყველაფერი შეიცვალა. ერთხელ აგენტი კიევის „დინამოს“ ჯანო ანანიძის ტრანსფერზე შეუთანხმდა, მაგრამ უცებ ჯანო მოსკოვის „სპარტაკში“ გადავიდა. მას შემდეგ იმ აგენტს კიევში ჩასვლის უფლებასაც არ აძლევენ. ასე იქნება კვარაცხელიას აგენტის შემთხვევაში, ის ვერც კი მოგვიახლოვდება, „ლოკომოტივთან“ ახლოს ვერ მოვა. შეცდომა ძალიან ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ მოგვცემს საშუალებას მომავალში მსგავსი ლაფსუსი თავიდან ავიცილოთ“, - თქვა კიკნაძემ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „ლოკომოტივს“ „რუსთავიდან“ უნდა გამოესყიდა, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ჩვენებურმა საბოლოოდ კონტრაქტი „რუბინთან“ 2024 წლამდე გააფორმა. კვარაცხელია 2001 წელს დაბადებული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგაში გოლი გაიტანა.

0.1263