იტალიის სერია A-ს განახლებიდან სულ რაღაც ერთი ტური გავიდა, მაგრამ „იუვენტუსის“ უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით უკვე გაიზარდა. დიახ, ამ ტურმა მთლიანად „ბებერი ქალბატონის“ წისქვილზე დაასხა წყალი - „ლაციომ“ წააგო, „ინტერმა“ ვერ მოიგო.
რომის „ლაციო“ სამთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს ბერგამოში დაუბრუნდა, მფრინავ „ატალანტასთან“. ჯან პიერო გასპერინის გუნდი მიმდინარე სეზონში საოცრებებს რომ სჩადის, ეს არაერთგზის დადასტურებულა და ახლაც დადასტურდა.
არადა, „არწივებისთვის“ ყველაფერი ჩინებულად იწყებოდა. მარტენ დე რუნის ავტოგოლითა და სერგეი მილენკოვიჩ-სავიჩის სუპერგოლით „ლაციო“ უკვე მე-11 წუთზე ორბურთიანი უპირატესობით იგებდა. თუმცა, სიმონე ინძაგის გუნდმა, რომელსაც ახლა ქულები ისე სჭირდება, როგორც არასდროს, უპირატესობა გაფლანგა. უფრო სწორად გააფლანგინეს. „ატალანტამ“ პირველ ტაიმში სხვაობა შეამცირა, ხოლო ნაანტრაქტევს ორი უპასუხო გოლი გაიტანა და მოიგო - 3:2! ბერგამოელებმა 54 ქულას მოუყარეს თავი და მესამეადგილოსან „ინტერთან“ უკვე მხოლოდ 4 ქულას აგებენ... „ლაციო“? ის 4 ქულით უსწრებს „ინტერს“, მაგრამ „იუვეს“ სწორედ ამ რაოდენობით ჩამორჩა. ინძაგის ბიჭებმა კარგად ვერ განაახლეს სეზონი და ეს შესაძლოა ფსიქოლოგიურად დიდი დარტყმაც გამოდგეს. სხვათა შორის, "ლაციოს" სერია A-ში ზედიზედ 21 თამაში არ ჰქონდა წაგებული.
სანამ „ლაციო“ უქულოდ დარჩებოდა, „ინტერმა“ „სასუოლოსთან“ ორი ქულა ქარს გაატანა. ანტონიო კონტეს გუნდი ჯერ აგებდა, მერე ორჯერ იგებდა და ბოლოს შედეგიან ფრეს დასჯერდა (3:3). მესამე გოლი „ინტერმა“ 85-ე წუთზე გაიტანა, დაწინაურდა და მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ 4 წუთში გაუშვა და კონტემ ხელები თავში წაიშინა, მიხვდა რა, რომ უძვირფასესი 2 ქულა დაიკარგა.
ამრიგად, „იუვენტუსი“ „ლაციოს“ უკვე 4, ხოლო „ინტერს“ 8 ქულით უსწრებს. ცხადია ამით არაფერი დასრულებულა, მაგრამ ისიც ნათელია, რომ ტურინელებმა ისეთი უპირატესობა მიიღეს, მთელი სეზონი რომ არ ჰქონიათ. თუმცა, ვნახოთ, წინ კიდევ 11 ტურია და გამორიცხული არაფერია.
„ინტერი“ – „სასუოლო“ 3:3 (2:1)
გოლები: 0:1 კაპუტო (4), 1:1 ლუკაკუ (41, პენ), 2:1 ბირაგი (45), 2:2 ბერარდი (81, პენ), 3:2 ბორხა ვალერო (86), 3:3 მანიანი (89)
„ატალანტა“ – „ლაციო“ 3:2 (1:2)
გოლები: 0:1 დე რუნი (5, ა.გ), 0:2 მილინკოვიჩ-სავიჩი (11), 1:2 გოსენსი (38), 2:2 მალინოვსკი (66), 3:2 პალომინო (80)
„რომა“ – „სამპდორია“ 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 გაბიადინი (11), 1:1 ჯეკო (64), 2:1 ჯეკო (85)