ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლებული სეზონის წინ გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. ქართველი სპეციალისტის თქმით, ახლა გუნდი ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგად არის მომზადებული.
"როგორც კი საშუალება მოგვეცა, მზადებას შევუდექით. როცა დაგვრთეს ნება, გუნდური ვარჯიშები აღვადგინეთ, მანამდე კი, ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამებით ვარჯიშობდნენ.
კარანტინში ვიმყოფებით, ვემზადებით ჩემპიონატის განახლებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩია გამომდინარე იქიდან, რომ პირველ ორ მატჩში დავმარცხდით, რაც რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული. ახლა ფიზიკურადაც და ტაქტიკურადაც გუნდი კარგადაა მომზადებული.
კლუბის პრეზიდენტი გვესაუბრა მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს. კარგ იმედებს იძლევა, კლუბის ყოველდღიურობაში ის აქტიურადაა ჩართული და გუნდში ფინანსური პრობლემაც არაა - კარანტინის პერიოდში რასაც დაგვპირდა, ყველაფერი შეასრულა, დავალიანებები გაისტუმრა. უახლოეს დღეებში ის საქართველოში ჩამოვა და გუნდს ადგილზეც შეხვდება. მთელი გუნდის სახელით, მსურს მას დიდი მადლობა გადავუხადო, რომ მიუხედავად ასეთი რთული პერიოდისა, კლუბს ბოლომდე გვერდში დაუდგა, ჩვენის მხრივ კი ვეცდებით იმედები გავუმართლოთ.
გულშემატკივრის გარეშე თამაში ცუდია, მაგრამ ფეხბურთელებს ეცოდინებათ, რომ მიუხედავად სიშორისა გულშემატკივარი მათ გვერდითაა და უფრო მეტად მოინდომებენ", - განაცხადა აშვეთიამ.
შეგახსენებთ, "ტორპედოს" 2 ტურის შემდგომ 2 მარცხი აქვს და მესამე შეხვედრას 28 ივნისს, საჩხერის "ჩიხურას" წინააღმდეგ ჩაატარებს.