ფეხბურთი

3:28 | 24.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯენარო გატუზომ "ნაპოლი" ფერზე მოიყვანა

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს საქმეში გრანდები და ჩემპიონატის ლიდერები არ ჩართულან, მაგრამ მოვლენები მაინც საინტერესოდ განვითარდა.

ჯენარო გატუზომ „ნაპოლი“ ფერზე რომ მოიყვანა, კიდევ ერთხელ დადასტურდა. ნეაპოლელებმა „ვერონას“, რომელიც ამ სეზონში კარგ ფეხბურთს აჩვენებს, მისსავე მოედანზე ძალზე ადვილად აჯობეს. თითო ტაიმში თითო გოლი მილიკმა და ლოზანომ გაიტანეს. ჩემპიონთა ლიგის ზონამდე ჯერ კიდევ დიდი მანძილია, მაგრამ ნეაპოლელები ასე თუ გააგრძელებენ, გამორიცხული არაფერი იქნება.

„პარმა“ ევროპა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის და კონკურენტი „მილანის“ დამაჯერებელ გამარჯვებას შესაბამისი პასუხი გასცა. 4:1 „ჯენოასთან“ და მატჩის გმირი დანიელი ფორვარდი კორნელიუსი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა. „ჯენოას“ საქმე კი მძიმედაა, რადგან გასავარდნი ზონის ზღვარზეა.

კიდევ უფრო რთულ დღეშია „სპალი“, რომელსაც დაქვეითებისგან სასწაულიღა თუ იხსნის. თეთრ-ლურჯებმა ამჯერად შინ „კალიარისთან“ წააგეს და ერთადერთი გოლი დიეგო სიმეონეს ვაჟმა გაიტანა.

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა „ტორინომ“, რომელმაც ანდრეა ბელოტის კინკილა გოლით „უდინეზეს“ აჯობა და ოდნავ ამოისუნთქა. დღეს 27-ე ტურის დარჩენილი სამი მატჩი გაიმართება, ყველაზე საინტერესო კი ბერგამოში, „ატალანტა“ – „ლაციოს“ დაპირისპირებაა.

„ვერონა“ – „ნაპოლი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 მილიკი (38), 0:2 ლოზანო (90)

„სპალი“ – „კალიარი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 სიმეონე (90)

„ჯენოა“ – „პარმა“ 1:4 (0:2)

გოლები: 0:1 კორნელიუსი (18), 0:2 კორნელიუსი (33), 0:3 კორნელიუსი (53), 1:3 იაგო ფალკე (59, პენ), 1:4 კულუსევსკი (87)

„ტორინო“ – „უდინეზე“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ბელოტი (16)

თეგებისერია A
0.131556